რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: ომის ნამდვილი წამქეზებელი ვლადიმირ პუტინია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

2 ივნისს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის საჯარო გამოსვლისას მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად შეძახილები დაიწყეს. შეკრებილი საზოგადოება შოლცს მილიტარისტსა და ომის წამქეზებელს ეძახდა. "მშვიდობა ომის გარეშე" - ამ გზავნილით მიმართავდა ხალხი კანცლერს. შოლცმა მოქალაქეების პროტესტს მგზნებარე გამოსვლით უპასუხა. მისი თქმით, ნამდვილი მილიტარისტი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია და ეს სიტყვები მის ნაცვლად სწორედ ამ უკანასკნელს უნდა მიემართებოდეს. 

"დავიწყოთ იქიდან, რომ ომის ნამდვილი წამქეზებელი ვლადიმირ პუტინია. ის უკრაინაში 200 000-კაციანი ჯარით შეიჭრა. ის თავისი იმპერიალისტური ოცნებებისთვის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს წირავს. პუტინს უკრაინის განადგურება და დაპყრობა სურს. სხვებზეც უჭირავს თვალი. ეს ისეთი რამაა, რასაც ჩვენ, როგორც თავისუფლების მეგობრები, დემოკრატები, ევროპელები ვერ დავუშვებთ. სანამ თქვენ "მშვიდობა ომის გარეშე"-ს ყვირით, პუტინმა აურაცხელი რაოდენობით ტანკები და რაკეტები შეკრიბა და უკრაინა მიზანში ამოიღო. ის ანგრევს ქალაქებს, სოფლებს, გზებსა და რკინიგზებს. მან მოკლა უთვალავი მშვიდობიანი მოქალაქე, ბავშვი და მოხუცებული. აშკარაა, რომ ეს არის მკვლელობა და არა ის, რასაც თქვენ ამბობთ. თავის იმპერიალისტურ ოცნებებში ის რისკის ქვეშ აგდებს თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს. ჩვენ არ ვიცით, უკვე რამდენი ახალგზარდა რუსი ჯარისკაცი მოკვდა მისი ოცნებისთვის. სავარაუდოდ, 100 000-დან 150 000-მდე. როგორ შეუძლია ვინმეს თავისი ქვეყნის ახალგაზრდების სიცოცხლეს ასე უდიერად მოეპყროს? მხოლოდ იმიტომ, რომ მას [პუტინს] ძლიერი კაცი უნდა, რომ იყოს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს არის ომის წაქეზება. ეს არის იარაღით ძალადობა". - ამ სიტყვებით მიმართა შოლცმა დამსწრე საზოგადოებას. 

კომენტარები