პრორუსული პროპაგანდა

პრორუსი ევროპარლამენტარები საქართველოში – მათი გზავნილები შინ და გარეთ

NurPhoto

ირლანდიელი პარლამენტარები, მიკ უოლესი და კლერ დელი ევროპარლამენტის მემარცხენე პარტიის Independent 4 Change-ის წარმომადგენლები არიან. ისინი ხშირად აჟღერებენ პრორუსულ პოზიციას და საზოგადოებაში სწორედ ამ დამოკიდებულებით არიან ცნობილი. 

მიკ უოლესი, რომელიც მემარცხენე პოპულისტური ხედვებით და პრორუსული მიზნებით გამოირჩევა, ევროპარლამენტის წევრი 2019 წელს გახდა. მისი პოზიციები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტი არაერთხელ ყოფილა.

2023 წლის იანვარში მიკ უოლესი და მისი თანაპარტიელი, კლერ დელი იმ 19 ევროპარლამენტარს შორის იყვნენ, რომლებმაც ხმა მისცეს რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ლიდერების გასამართლებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომისა და უკრაინულ ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო. რეზოლუციას მხარი 472-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

2022 წლის დეკემბერში კი უოლესმა და დელიმ მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის კიდევ ერთ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გმობდა. რეზოლუცია უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების გაგზავნასა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობდა.

უოლესისა და დელის ნაბიჯები მკაცრად გააკრიტიკა ირლანდიის მმართველი კოალიციის წევრი პარტიის, Fine Gael-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნილ რიჩმონდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უოლესი და დელი "თავს ირცხვენენ" და რუსულ პროპაგანდას მორიგი ტყუილების გავრცელებაში ეხმარებიან.

"კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ორმა ირლანდიელმა პარლამენტარმა უკიდურესად თავი შეირცხვინა ევროპარლამენტში, როდესაც საქმე ეხებოდა უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის სასტიკი ომის დაგმობას. ეჭვი არ გვეპარება, რომ მათ გამოსვლას ტაშს დაუკრავენ პუტინის პროპაგანდისტები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებში". - აღნიშნა რიჩმონდმა.

"რამდენად გვინდა რუსეთის განადგურება? გვინდა რუსეთის მსგავსი ძლიერი ძალა, რომელიც ბირთვულ არსენალს ფლობს, გავანადგუროთ?" - აღნიშნა უოლესმა. მან კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ ევროკავშირი ამერიკის თოჯინაა, თავად კი არც პრორუსია და არც ანტიუკრაინელი.

"არავის მომხრე არ ვარ. არცერთი მთავრობა არ მომწონს. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ერთი მთავრობაც კი, რომელიც მე მომწონს. პოლიტიკა ჩემთვის დიდი იმედგაცრუებაა". - ამბობდა ის.

აღსანიშნავია, რომ მიკ უოლესის პოზიციებს აქტიურად აშუქებს ქართული სამთავრობო მედია, მისი განცხადებები კი ქართული ოცნების პროპაგანდას ემთხვევა.

2 ივნისს, მიკ უოლესი და კლერ დელი POSTV-ის გადაცემაში, სახელწოდებით - დიდი გადაცემა იყვნენ მიწვეულები. 

გადაცემის სტუმრებმა აქამდე არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრებები კიდევ ერთხელ, ამჯერად ქართულ სამთავრობო მედიაში გაახმოვანეს. განსახილველ თემებს შორის იყო რუსეთ-უკრაინის ომი, NATO-სა და ევროკავშირის საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაცია და ა.შ 

"ევროკავშირი ძალზე თვალთმაქცი დაწესებულებაა… ძალიან მსურს, არსებობდეს ორივე ნარატივი და არა მხოლოდ ევროპული ფასეულობები. ევროპისა და შეერთებული შტატების მხრიდან წნეხის ხარჯზე ვხედავთ მცდელობას, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ გარკვეული პოზიცია დაიკავოს. მათ სურთ, რომ თქვენ [საქართველოს] მათი პოზიცია გეჭიროთ და იქნებ მოხდეს ისეთი ომი, შეტაკება, რომელიც მათ ინტერესებში იქნება, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის 80% ირჩევს მშვიდობას". - აღნიშნა უოლესმა. მან  NATO-ს ომის მანქანა უწოდა, რომელიც ამერიკამ ევროპის გაკონტროლების მიზნით შექმნა. უოლესის თქმით, უკრაინაში "უაზრო ომია", ვინაიდან მას აშშ და NATO რუსეთის განადგურების მიზნით აწარმოებენ. 

"NATO არაა თავდაცვითი ალიანსი, ეს ომის მანქანაა. ჰკითხეთ ავღანეთში, ერაყში, ან ლიბიაში მცხოვრებ ხალხს…" - წერდა უოლესი Twitter-ზე. 

"ხომ ხედავთ, როგორ არის უკრაინა ამ საომარ ინტერესებში გამოყენებული? ეს არის ომი, რომელსაც აწარმოებენ სხვები ვიღაცის ინტერესებისთვის". - აღნიშნა POSTV-სთან ინტერვიუში უოლესმა. მას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის კომენტარები აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია. 

"ჩემი აზრით, უკრაინას აშშ და NATO თავის ომში რუსეთის დასაძლევად იყენებენ". - ამბობდა ევროპარლამენტარი. 

დიდ გადაცემაში მიკ უოლესმა ევროკავშირი მშვიდობის რღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება სწორედ ევროპის ქვეყნების ინტერესებში შედის. 

"რას აკეთებს ევროკავშირი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის? ამის ნასახიც არ ჩანს. ფაქტობრივად ამისკენ არც აქვს გეზი… პოლიტიკოსების დიდი  ნაწილი სწორედ ომიდან ცდილობენ სარგებლის მიღებას". - თქვა მან. 

მანამდე მსგავსი კომენტარი უოლესმა Twitter-ზეც დაწერა:

"ევროპის მოქალაქეთა უმრავლესობას მშვიდობა სურს და არა ომი, რომელიც რუსეთის დასჯას ისახავს მიზნად, თუმცა NATO არასდროს ირჩევს მშვიდობას".

კომენტარები