რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის მიმართულებით 30-ზე მეტი რაკეტა და დრონი მოიგერია

REUTERS

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის სერგიი პოპკოს თქმით, 1 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 30-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურა

"კიევზე ტერორი საჰაერო თავდასხმებით გრძელდება. სასოწარკვეთილი ტერორისტები თავს ესხმიან დედაქალაქს, თითქმის შეუსვენებლად. ბოლო 6 დღის მანძილზე რუსისტებმა უკვე მე-6 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს კიევზე და ყოველ ჯერზე, ისინი იარაღს ცვლიდნენ". - წერს ის Telegram-ზე.

პოპკოს ინფორმაცით, 31 მაისს, ღამით ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემდეგ, ამჯერად შეტევა კომბინირებული იყო - რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ისე ფრთოსანი რაკეტებით. 

პოპკომ აღნიშნა ისიც, რომ მტერმა დრონებით კიევს რამდენიმე მიმართულებით შეუტია და წინასწარი მონაცემებით, გამოყენებული იყო შაჰედის უპილოტო საფრენი აპარატები.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა ასევე დასძინა, რომ ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.

ხოლო კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქის დარნიცკის რაიონში, გზაზე რაკეტების ნამსხვრევები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, პოდილსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

კომენტარები