რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: პუტინი ომს წააგებს, როდესაც რუსულ არმიას უკრაინის აღიარებული საზღვრებიდან გააძევებენ

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, ვლადიმირ პუტინს ომი ჯერ არ წაუგია და ის მაშინ დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა იქნება გაძევებული. ამის შესახებ დუდამ ბრატისლავაში GLOBSEC 2023-ის ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.

"დღეს ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა ომი წააგო, მარცხი კი იმაში მდგომარეობს, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანდა მაშინ, როდესაც ფინელი ხალხი წლების განმავლობაში ყოყმანობდა, სურდათ თუ არა ნეიტრალიტეტზე უარის თქმა. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმირ პუტინს არცერთი ომი არ წაუგია". - თქვა დუდამ

ამავდროულად, დუმამ იმედი გამოთქვა, რომ პუტინი ომს წააგებს, თუმცა, აღნიშნა, რომ დღეს დგას სიტუაცია, როდესაც უკრაინაში ფრონტზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, "რუსეთში კი 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უკრაინაში 40 მილიონზე ნაკლები".

"ეს სხვაობა აჩვენებს ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეულ სიცოცხლეს ოქროს ფასი აქვს. ეს განსხვავებული კულტურებია. რუსეთი – ბირთვული სახელმწიფოა, მას იარაღირს გიგანტური მარაგები აქვს – ჩვენ ვიცინით იმაზე, რომ მათ ფრონტზე 1960-იანი წლების ტანკები გაჰყავთ, თუმცა, თითოეული ეს ტანკი 50-60 ტონა იწონის. თუ ის გადაადგილდება, ის გაგჭყლეტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თანამედროვე". - თქვა დუდამ.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ამ ომს მაშინ წააგებს, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიღმა გაძევდება. 

"ომი გრძელდება, რუსეთი სულ უფრო მობილიზდება, რუსეთის ეკონომიკა საომარ რელსებზე გადადის. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მათ შეუძლიათ, პროპაგანდის საშუალებით ხალხს უთხრან, რომ ქამრები უნდა შემოიჭირონ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მშივრები არიან, უნდა იამაყონ, რადგან რუსეთი – დიდია". - თქვა დუდამ.

კომენტარები