ირაკლი ღარიბაშვილი

ვგმობთ ღარიბაშვილის განცხადებას, იმეორებს კრემლის პოზიციას – სამოქალაქო ორგანიზაციები

სამოქალაქო ორგანიზაციები გმობენ რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც, მათი შეფასებით, იმეორებს პრემლის პოზიციას.   

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები შეახსენებენ ღარიბაშვილმს, რომ წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით.  

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე, 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატოში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.

პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული.

პრემიერს შევახსენებთ, რომ ჰელსინკის აქტი ასევე განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუეთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.

სინანულს გამოვთქვათ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომელის მიხედვითაც ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს.

ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.

ასევე შევახსენებთ პრემიერ მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 

გუშინ, 30 მაისს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი. 

"არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს". - თქვა მან. 

კომენტარები