ქართული ოცნება

ლექსმანი პაპუაშვილს: ღარიბაშვილის განცხადებები ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურებოდა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საბაბსა და NATO-ში გაწევრიანებაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარები განზრახ არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ლექსმანის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება არა დამახინჯებული, არამედ ცინიკური და გათვლილი იყო

"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურებოდა.

[ეს განცხადება] ძირს უთხრის ქართველი ხალხის ინტერესებს. რა მხრივ შეაქვს ამ განცხადებებს წვლილი 12 რეკომენდაციის შესრულებაში, საქართველოს დახმარებასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კუთხით წინსვლაში?" - წერს მირიამ ლექსმანი Twitter-ზე. 

პაპუაშვილის განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ - "NATO-ზე კომენტარმა დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია" – პაპუაშვილის განცხადება TWITTER-ზე

ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ჰკითხეს, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის სურვილია, გახდეს NATO-ს წევრი. 

"არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს". - თქვა მან. 

კომენტარები