ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. მთავრობის საწინააღმდეგო აქციას მართავს

30 მაისის საპროტესტო აქცია აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. მთავრობის საწინააღმდეგო აქციას მართავს. "ეროვნული მიტინგი", როგორც ოპოზიცია მოიხსენიებს დემონსტრაციას, სოხუმის თეატრის წინ იმართება.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აპროტესტებენ კანონს  აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის დარეგულირების შესახებ, "აფხაზური მიწების გაცემასა" და ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას.

დემონსტრანტებს უჭირავთ პოსტერები წარწერებით: "აფხაზეთი არ იყიდება", "ენერგეტიკა ხალხის საკუთრებაა", "ჩვენ აპარტამენტების წინააღმდეგ ვართ".

სოხუმში ადმინისტრაციულ შენობის გარშემო მარიონეტულმა რეჟიმმა უსაფრთხოების არნახული ზომები მიიღო. შენობას შემოარტყეს რკინის ღობეები, მავთულხლართები და ავტობუსები. ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანები და ე.წ. მთავრობის მხარდამჭერები. მიმდებარე ტერიტორიაზე დაამატეს სამეთვალყურეო კამერებიც.

აპრილის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციამ მარიონეტული ხელისუფლების დათხოვნა მოითხოვა. ისინი მარიონეტულ რეჟიმს 2 კვირას აძლევდნენ, ვადის გასვლის შემდეგ კი დიდი აქციის ჩატარების დაანონსებას აპირებდნენ. ეს აქცია 30 მაისს დაინიშნა. 

ე.წ. კაბინეტის დათხოვნის გარდა, ოპოზიცია ითხოვდა, რომ გამოეთხოვათ ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება, ასევე შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიღება-აღსრულების შესახებ, დააბრუნონ ელექტროენერგიის საზოგადოებაზე გათვლილი ტარიფები, უარი ეთქვათ მიეღოთ კანონი აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის დარეგულირების შესახებ.

კომენტარები