ვერხოვნა რადა

უკრაინის რადამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისს აცხადებს

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ არა 9, არამედ 8 მაისს აცხადებს.

ამასთან, დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ეს დღე ოფიციალური დასვენების დღედ გამოცხადდება.

"დღეიდან 8 მაისი ოფიციალურად არის დასვენებისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე". – წერს უკრაინის რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი Telegram-ზე.

მისივე თქმით, კანონპროექტს მხარი 317-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო კანონპროექტის დასამტკიცებლად 226 ხმაა საჭირო. 

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადას შესთავაზა, რომ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნონ, ხოლო 9 მაისს იზეიმონ არა გამარჯვების, არამედ ევროპის დღე. 

"8 მაისს უკრაინა და თავისუფალი მსოფლიო იხსენებს კაცობრიობის ისტორიის 6 საშინელ წელს. 1939-დან 1945 წლამდე... წლები, რომლებმაც წაიღო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და დაუნდობლობის, სისხლისმღვრელი ბრძოლების, დაბომბვების, ბლოკადებისა და მასობრივი სიკვდილით დასჯების, ჰოლოკოსტის წლები. ყველა ბოროტება, რაც ნაციზმმა მსოფლიოს მოუტანა, მოიტანა ჩვენს მიწაზეც.

სხვადასხვა ერებმა ერთობლივად, ანტიჰიტლერული კოალიციის კავშირის ფარგლებში წინააღმდეგობა გაუწიეს ბოროტებას. ევროპისა და ამერიკის ხალხი, აზია, ავსტრალია, აფრიკა - იმ ომში ყველას საკუთარი ბრძოლის ისტორია აქვს, მაგრამ აერთიანებთ გამარჯვების ისტორია". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში გამარჯვებას ქვეყნების უმრავლესობა სწორედ 8 მაისს აღნიშნავს, რომ სწორედ 1945 წლის 8 მაისს შევიდა ძალაში ვერემახტის უპირობო კაპიტულაცია და ამ დღეს იხსენიებენ ომში დაღუპულებს.

"დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას, რომ ხვალიდან, ყოველ წელს, 9 მაისს აღვნიშნოთ ჩვენი ისტორიული ერთობა - ყველა ევროპელის ერთობა, რომლებმაც ნაციზმი გაანადგურეს და რაშიზმსაც დაამარცხებენ". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები