რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი უკრაინის რადას სთავაზობს, რომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნონ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის უმაღლეს რადას სთავაზობს, რომ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნონ, ხოლო 9 მაისს იზეიმონ არა გამარჯვების, არამედ ევროპის დღე. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

"8 მაისს უკრაინა და თავისუფალი მსოფლიო იხსენებს კაცობრიობის ისტორიის 6 საშინელ წელს. 1939-დან 1945 წლამდე... წლები, რომლებმაც წაიღო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და დაუნდობლობის, სისხლისმღვრელი ბრძოლების, დაბომბვების, ბლოკადებისა და მასობრივი სიკვდილით დასჯების, ჰოლოკოსტის წლები. ყველა ბოროტება, რაც ნაციზმმა მსოფლიოს მოუტანა, მოიტანა ჩვენს მიწაზეც.

სხვადასხვა ერებმა ერთობლივად, ანტიჰიტლერული კოალიციის კავშირის ფარგლებში წინააღმდეგობა გაუწიეს ბოროტებას. ევროპისა და ამერიკის ხალხი, აზია, ავსტრალია, აფრიკა - იმ ომში ყველას საკუთარი ბრძოლის ისტორია აქვს, მაგრამ აერთიანებთ გამარჯვების ისტორია". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში გამარჯვებას ქვეყნების უმრავლესობა სწორედ 8 მაისს აღნიშნავს, რომ სწორედ 1945 წლის 8 მაისს შევიდა ძალაში ვერემახტის უპირობო კაპიტულაცია და ამ დღეს იხსენიებენ ომში დაღუპულებს.

"ეს სუფთა ისტორიაა, იდეოლოგიური მინარევების გარეშე და ეს ჩვენი ხალხის ისტორიაა, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი მსოფლიოსი. დღეს მას ჩვენს სახელმწიფოს ვუბრუნებთ. დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელშიც შეთავაზებულია 8 მაისის 1939-45 წლებში მეორე მსოფლიო ომში ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დადგენა". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები არასდროს დაივიწყებენ ნაციზმზე გამარჯვებაში საკუთარი ხალხის წვლილს და არავის მისცემენ უფლებას მათი როლი ამ გამარჯვებიდან ამოშალონ. ასევე, მან თქვა, რომ არ დაუშვებენ ვინმეს მიერ საერთო გამარჯვების მითვისებას. ზელენსკის თქმით, დღეს, ისევე როგორც 80 წლის წინ, უკრაინა ტოტალურ ბოროტებას ებრძვის.

"დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას, რომ ხვალიდან, ყოველ წელს, 9 მაისს აღვნიშნოთ ჩვენი ისტორიული ერთობა - ყველა ევროპელის ერთობა, რომლებმაც ნაციზმი გაანადგურეს და რაშიზმსაც დაამარცხებენ". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები