ბელარუსი

მინსკი: ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გარდა, დასავლეთმა სხვა გზა არ დაგვიტოვა

ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრ ვოლფოვიჩი 
Belta

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის, ალექსანდრე ვოლფოვიჩის თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება სტრატეგიული შეკავების ერთ-ერთი ნაბიჯია. როგორც ბელარუსის მედია, Belta წერს, ამის შესახებ მან ტელეკომპანია ONT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დღეს მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით პოლონეთში. მშპ-ს 4%-მდე იქ თავდაცვაზე ეკონომიკისა და რიგითი მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ იხარჯება. იქმნება შემტევი დაჯგუფება. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ. ბელარუსმა შეიძლება, რა თქმა უნდა, იგივე გზას მიმართოს და დაიწყოს თავისი სამხედრო ძალების გაზრდა ომის დროს, მაგრამ ეს დიდ ტვირთად დააწვება ეკონომიკასა და მოქალაქეების კეთილდღეობას. რატომ გვჭირდება ამის გაკეთება? ხალხი მიჩვეულია კომფორტულად, ცივილიზებულად ცხოვრებას. ასე რომ, სტრატეგიული შეკავების ერთ-ერთი ელემენტი, სამხედრო თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი". - თქვა ალექსანდრ ვოლფოვიჩმა.

მისივე თქმით, დასავლეთმა ბელარუსს სხვა არჩევანი არ დაუტოვა, გარდა ქვეყენაში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებისა. 

"1990-იან წლებში ბელარუსიიდან ბირთვული იარაღის გაყვანასთან ერთად, დასავლეთმა, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოგვცა უსაფრთხოების გარანტია და დაგვპირდა, რომ არ დაგვასანქცირებდნენ.

მიუხედავად ამისა, დღეს ეს დაპირებები დაირღვა. სწორედ ამიტომ, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება სტრატეგიული შეკავების ერთ-ერთი ნაბიჯია". - აღნიშნა ვოლფოვიჩმა.

გარდა ამისა, ინტერვიუში მან ისაუბრა დასავლელი პოლიტიკოსების შესახებ, რომლებმაც, მისივე თქმით, "თუ რაიმე გონიერება შერჩენიათ, ეს წითელი ხაზი არ უნდა გადაკვეთონ". 

"ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი შეუქცევად შედეგებს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ეს იქნება უკიდურესი ნაბიჯი. მაგრამ ეს არის გონივრული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ არ გვჭირდება ის, რაც არ გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ არასდროს დავთმობთ იმას, რაც გვეკუთვნის" - თქვა ალექსანდრ ვოლფოვიჩმა.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

"ჩვენ არ გადავცემთ, აშშ-ც არ აძლევს [ბირთვულ იარაღს] საკუთარ მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ [ბირთვული იარაღი] აქვთ გარკვეულ მოკავშირე ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც ამავეს გაკეთებას ვაპირებთ. სწორედ ეს მთხოვა ალექსანდრ გრიგორევიჩმა (ლუკაშენკომ)". – აღნიშნა პუტინმა. 

კომენტარები