როჯერ უოტერსი

როჯერ უოტერსი: მაჩუმებენ, ვინაიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მაქვს

BBC

როჯერ უოტერსი ბოლო ბრალდებებს სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა. Pink Floyd-ის დამფუძნებელ წევრს კონცერტის დროს ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება ედება ბრალად, საქმეს გერმანიის პოლიცია იძიებს.

"ჩემს ბოლო გამოსვლას ბერლინში მოჰყვა არაკეთილსინდისიერი თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მაშავებენ და ცდილობენ გამაჩუმონ, იმიტომ რომ ისინი არ არ ეთანხმებიან ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და მორალურ პრინციპებს. 

ჩემთვის ნათელია, რომ გამოსვლის დროს გამოყენებული ელემენტები, რომლებსაც ეჭვის ქვეშ აყენებენ, ფაშიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ ელემენტების სხვა კუთხით წარმოჩენა არაგულწრფელი და პოლიტიკურად მოტივირებულია. გაუწონასწორებელი, ნაცისტი დემაგოგის თამაში კონცერტების დროს შოუს ნაწილია 1980 წლიდან, მას შემდეგ რაც Pink Floyd-ის ალბომი The Wall გამოვიდა.

მთელი ცხოვრება ვებრძვი ავტორიტარიზმსა და ჩაგვრას. როდესაც ბავშვი ვიყავი ჩვენს სახლში ხშირად ჟღერდა ანა ფრანკის სახელი, ჩემთვის ის გახდა მუდმივი შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ფაშიზმი უკონტროლო ხდება. ჩემი მშობლები ნაცისტებს მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ და მამაჩემმა ამ ბრძოლაში უდიდესი ფასი გაიღო. 

უკანასკნელი თავდასხმების მიუხედავად, მე მაინც ვილაპარაკებ უსამართლობასა და ყველა მის შემოქმედზე". – წერს მუსიკოსი.

17 მაისს ბერლინში გამოსვლისას უოტერსს ეცვა გრძელი შავი პალტო წითელი სამკლაურით, რომელიც SS-ის უნიფორმას გავს. ამასთან, მან აუდიტორიას ავტომატ MP40-ის ყალბი ასლი დაუმიზნა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანული სამხედრო ქვედანაყოფები, მათ შორის SS-ის ჯარები MP40-ით იყო აღჭურვილი. 

გერმანია კრძალავს ნაცისტური სიმბოლოების ჩვენებას - მაგრამ ქვეყნის კანონები გამონაკლისს უშვებს მხატვრული ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის მათ გამოყენებას. 

ბერლინის კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე, გამოსამშვიდობებელი ტურის ფარგლებში უოტერსმა კონცერტი ფრანკფურტშიც გამართა. ღიად პრორუსი მუსიკოსის კონცერტი ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა და კონცერტის გაუქმება მოითხოვა.

უოტერსი ვლადიმირ პუტინისა და კრემლის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მუსიკოსმა არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინა და აშშ, ასევე წერილი მიწერა უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას, რომელშიც მისი ქმარი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

ამასთან, უოტერსმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ქმედებები დაგმო, მაგრამ ამავდროულად ოკუპანტი სახელმწიფო პროვოკაციის მსხვერპლად გამოიყვანა

კომენტარები