როჯერ უოტერსი

"მოსკოვში იმღეროს" – კრაკოვის საკრებულო როჯერ უოტერსის კონცერტის გაუქმებას განიხილავს

The Hill

კრაკოვის საკრებულო როჯერ უოტერსის 2023 წელს დაგეგმილი ორი კონცერტის გაუქმების წინადადებას განიხილავს. ინიციატივა საკრებულოს წევრს, ლუკაშ ვანტუხს ეკუთვნის.

"როჯერ უოტერსი, რომელიც პუტინის ღია მხარდამჭერია, კრაკოვის ტაურონ არენაზე აპირებს კონცერტების გამართვას. ოთხშაბათს ქალაქის საკრებულოს შეხვედრა გვაქვს, ვაპირებ, მერს და მრჩევლებს დაველაპარაკო და კონცერტების დაბლოკვა ვთხოვო. მსგავსი ღონისძიებები ჩვენი ქალაქის სირცხვილია. წავიდეს, მოსკოვში იმღეროს". – წერს სოციალურ ქსელში ვანტუხი.

Pink Floyd-ის ყოფილი წევრი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მან არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინა და აშშ.

"ბაიდენი იმის ნაცვლად, რომ ზელენსკის უბიძგოს მოლაპარაკებებისკენ, ომს უჭერს მხარს. ომს, რომლის მთავარი მიზანია, შეაჩეროს NATO, რომელიც რუსეთის საზღვრებისკენ მიიწევს". – ამბობს მუსიკოსი CNN-თან ინტერვიუში.

უოტერსმა ასევე წერილი მიწერა უკრაინის პირველი პირის ცოლს, ოლენა ზელენსკას, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა.

"თქვენი ქმარი ტოტალიტარულ, ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს, აჩაღებს ნაციონალიზმს. მან გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი და ქვეყანა დაუპირისპირა მეზობელ რუსეთის ფედერაციას".

კომენტარები