2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში

"ყველაზე უსამართლო არჩევნები იყო" – ქილიჩდაროღლუს თქმით, დემოკრატიისთვის ბრძოლას აგრძელებს

გუშინ, 28 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამარცხა ოპოზიციის ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ და საკუთარი 20-წლიანი მმართველობა კიდევ უფრო გაახანგრძლივა

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ცნობით, ხმათა 99.43% დათვლილია - ერდოღანი ხმების 52.14%-ით ლიდერობს, ქილიჩდაროღლუ კი 47.86%-ს ფლობს. 

"გადავდოთ ყველა დებატი და კონფლიქტი საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, გავერთიანდეთ ჩვენი ეროვნული მიზნებისა და ოცნებების გარშემო". - თქვა ერდოღანმა ანკარაში მხარდამჭერებისთვის მიმართვისას. 

ერთიანობისკენ მოწოდება უაზროდ ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქილიჩდაროღლუს მტკიცებით, სახელმწიფომ მის წინააღმდეგ ყველა საშუალება გამოიყენა

ერდოღანის თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა და 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის "ჭრილობების შეხორცებაა". 

"ვიმედოვნებ, სამუდამოდ იცხოვრებს. ის მამაა ჩემი, პაპაც, ბიძაც. ის ჩემთვის ყველაფერია". - ამბობს ერდოღანი მხარდამჭერი.

ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი პარტიის მთავარ ოფისში საუბრისას აღნიშნა, რომ მანამ განაგრძობს ბრძოლას, სანამ თურქეთში "ნამდვილი დემოკრატია" არ იქნება. 

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს იყო ყველაზე უსამართლო საარჩევნო პერიოდი... არ ვუხრით ქედს შიშის კლიმატს. ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად, ამ არჩევნებზე ცხადი გახდა ხალხის ნება შეცვალონ ავტორიტარული ხელისუფლება". - ამბობს ქილიჩდაროღლუ. 

უცხოელი ლიდერები, მათ შორის რუსეთის, კატარის, ლიბიის, ალჟირის, უნგრეთის, ირანის და პალესტინის ხელისუფლების ლიდერები იყვნენ პირველები, ვინც ერდოღანს გამარჯვება მიულოცა.

"მოველი ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე NATO-ს მოკავშირესთან თანამშრომლობას". - წერს ბაიდენი Twitter-ზე.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. 

ოპოზიცია კი არჩევნებს თურქეთის დემოკრატიისთვის ბოლო დარტყმად აღიქვამს - ერდოღანს კი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მორყევაში, სასამართლო სისტემის ეროზიასა და განსხვავებული აზრის რეპრესიაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები