ირანი-ავღანეთი

ირანელმა სამხედროებმა და თალიბანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

თალიბი მებრძოლი, ქაბული, ავღანეთი. 21 აპრილი, 2023
Associated Press

შაბათს, 27 მაისს ირანელმა სამხედროებმა და თალიბანმა ირანისა და ავღანეთის საზღვარზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, IRNA ირანის პოლიციის უფროსის მოადგილეზე, გენერალ ქასემ რეზაეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქასემ რეზაიმ თალიბანი შაბათ დილით ირანის სისტანისა და ბელუჩესტანის პროვინციისა და ავღანეთის პროვინციის ნიმროზის საზღვარზე ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. 

IRNA ირანის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ორი მესაზღვრე. თუმცა, ინგლისურენოვანი გაზეთის, Tehran Times-ის ინფორმაციით, დაპირისპირებას სამი ირანელი მესაზღვრე ემსხვერპლა

IRNA-ს ინფორმაციითვე, ავღანეთთან მილაკის სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც მთავარი სავაჭრო გზაა, სროლების გამო დაკეტილია. 

"ავღანეთი თვლის, რომ დიალოგი არის გონივრულ გზად ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად. ომისა და ნეგატიური ქმედებების გამართლება არ შედის არცერთი მხარის ინტერესებში". - განაცხადა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ მიმდინარე თვის დასაწყისში გააფრთხილა თალიბები, შეთანხმების ფარგლებში, მდინარე ჰელმანდის წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით ირანელთა უფლებები არ დაერღვიათ.

ირანსა და ავღანეთს შორის 1973 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც წყლის საერთო რესურსების გამოყენებას ითვალისწინებს. 

კომენტარები