საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

"დააბრუნეთ EU-ს დროშა პარლამენტის შენობის ფასადზე" – საპარლამენტო ოპოზიცია პაპუაშვილს

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშის დაბრუნებისაკენ მოუწოდებენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საქართველოს სწრაფვა ევროკავშირის წევრობისკენ ხალხის მიერაა არჩეული და კონსტიტუციით დადასტურებული ეროვნული ინტერესია. დეპუტატების განცხადებით, დროშის გამოფენილი სიმბოლიკიდან ამოღება კონსტიტუციურ დავალებას და ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. 

"წელს, როცა საქართველო ევროკავშირისგან ელოდება პასუხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშის ამოღება გამოფენილი სიმბოლიკიდან ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და კონსტიტუციურ დავალებას. განსაკუთრებით, რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის ფონზე, ეს კიდევ ერთი ჩვენებაა ქართული ოცნების მიერ ევროპისთვის ზურგის შექცევის. ხელისუფლება ვალდებულია, კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის ნება აღასრულოს და ამის გამოხატულება უზრუნველყოს, მათ შორის და არამხოლოდ, დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი სიმბოლიკით. დროშა არ არის მხოლოდ თემატური დეკორაცია, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისი შინაარსი,რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანია ევროპა და არავის აქვს უფლება მოქალაქეთა ნებაზე მაღლა დააყენოს საკუთარი ინტერესები.

მოგიწოდებთ, დააბრუნოთ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც ეს იყო გასულ წელს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ხოლო ევროკავშირის სიმბოლიკის ადგილი, საქართველოს დროშის გვერდით!".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერი დეპუტატები არიან: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა ბუჩუკური, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე, რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, ბექა ლილუაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, თამარ ჩარკვიანი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ქეთევან თურაზაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკატერინე ხერხეულიძე, დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანა წითლიძე, ცეზარ ჩოჩელი, სულხან სიბაშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, გუბაზ სანიკიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, დავით კირკიტაძე, მანუჩარ კვირკელია, აბდულა ისმაილოვი, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ 2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, წლევანდელისგან განსხვავებით, ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი. ფოტოს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ წელს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია, შესაბამისად 26 მაისი ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება. 

26 მაისს, 10:30 საათზე ევროკავშირის დროშებით რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე მსვლელობა "საქართველო ირჩევს ევროპას!" დაანონსდა. ამასთან, პარლამენტის შენობის EU-ის დროშების გარეშე გაფორმებას გამოეხმაურა პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც ასევე  დროშებით მსვლელობა დაანონსა და მოქალაქეებს 15:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა.

კომენტარები