რუსეთი-ჩინეთი

დღეს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა – მიშუსტინი

რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი და ჩინეთის პრემირმინისტრი, ლი ციანგი
REUTERS/Thomas Peter

რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინი პეკინს ეწვია და ჩინეთის პრემიერმინისტრთან, ლი ციანგთან ერთად ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

"დღეს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა. საერთაშორისო ასპარეზზე დაძაბულობისა და ქაოსის ფონზე, რასაც თან ახლავს კოლექტიური დასავლეთიდან გაძლიერებული ზეწოლა, მათ [ამ ორ ქვეყანას] ერთმანეთის ინტერესების მიმართ პატივისცემა, გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევის სურვილი გამოარჩევთ. როგორც ჩვენი ჩინელი მეგობრები ამბობენ, ერთად დგომით მთებსაც  გადავდგამთ". - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მიშუსტინმა. 

ორ ქვეყანას შორის ორმხრივი შეთანხმება სავაჭრო სერვისებში საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩინეთში ექსპორტზე ხელშეკრულებას მოიცავს. შეთანხმება შედგა სპორტის მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც. 

მიხაილ მიშუსტინის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, სავარაუდოდ, წელს ახალ რეკორდულ დონეს, $200 მილიარდს მიაღწევს

როგორც CNN წერს, გასულ წელს, ჩინეთ-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობა თითქმის 30%-ით გაიზარდა და რეკორდულ დონეს - $190 მილიარდს მიაღწია, ძირითადად, ჩინეთის მიერ რუსული ენერგიის შეძენით. ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, წელს მათი ვაჭრობა აგრძელებდა ზრდას, პირველ ოთხ თვეში კი 41%-ით გაიზარდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის პრემიერის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან შეხვედრაც. 

კომენტარები