რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის დაზვერვა ბელგოროდის ოლქის მოვლენებზე: ეს ქმნის უსაფრთხოების ზონას

ადნრიი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრიი იუსოვის თქმით, ბელგოროდის ოლქში უკრაინელების დასაცავად უსაფრთხოების ზონა იქმნება. 

"დიახ, დღეს რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და ლეგიონმა თავისუფალი რუსეთი, რომლებიც შედგებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, დაიწყეს ოპერაცია ბელგოროდის ოლქის ამ ტერიტორიების ეგრეთ წოდებული პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად. ისინი ასევე ცდილობენ, უკუაგდონ მტერი რათა შეიქმნას უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად". - ამბობს იუსოვი. 

რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში შეტაკებები გრძელდება

ამასთან ერთად, ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს Ми-8 ტიპის ვერტმფრენი. როგორც BAZA წერს, რუსული სპეცსამსახურები ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობენ.

ასევე BAZA-ს ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს განაყოფმა გეგმაში მოიყვანა გეგმა ედელვაისი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლების შეკრების ბრძანება გაიცა.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი თავისუფალი რუსეთი აცხადებს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ წინააღმდეგობა არ გაწიონ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებს კადრებს, რომელშიც ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული არიან საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. 

რუსეთის თავისუფლება ვიდეოში რუსებს მიმართავენ, რომ "ისეთივე რუსები" არიან და ამბობენ, რომ "სახლში ბრუნდებიან".

რუსული მხარე მათ ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების შეღწევის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, რომ უკრაინის მხრიდან ბელგოროდის გრაივორონსკის რაიონზე საარტილერიო იერიში გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. გლადკოვის მტკიცებით, მოწინააღმდეგე იერიშების პარალელურად "საინფორმაციო თავდასხმასაც" ახორციელებს. მისი ინფორმაციით, იერიშები დრონებითაც მიიტანეს.

2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები