რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა საზღვარი გადმოკვეთა – ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS/File Photo

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინული არმიის დივერსიული ჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონის რაიონში შევიდნენ. ეს რუსეთის პირველი ოფიციალური კომენტარია მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) გამოაცხადა, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

გლადკოვის ინფორმაციით, მობილიზებულია რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და უსაფრთხოების სამსახური. მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ დაწყებულა. 

კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია დივერსანტების შემოჭრის შესახებ და სამსახურები მათ გაძევებაზე მუშაობენ. 

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანესრუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ წინააღმდეგობა არ გაწიონ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებს კადრებს, რომელშიც ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული არიან საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. 

რუსეთის თავისუფლება ვიდეოში რუსებს მიმართავენ, რომ "ისეთივე რუსები" არიან და ამბობენ, რომ "სახლში ბრუნდებიან".

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, რომ უკრაინის მხრიდან ბელგოროდის გრაივორონსკის რაიონზე საარტილერიო იერიში გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. გლადკოვის მტკიცებით, მოწინააღმდეგე იერიშების პარალელურად "საინფორმაციო თავდასხმასაც" ახორციელებს. მისი ინფორმაციით, იერიშები დრონებითაც მიიტანეს.

2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები