რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: ზელენსკიმ მყარად დამარწმუნა, რომ F-16-ებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ

აშშ-ს F-16 ერაყში, 2008 წელი
U.S. Air Force photo by Master Sgt. Andy Dunaway

G7-ის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინელმა კოლეგამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების გადაცემის შემთხვევაში, მათ რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

"მე მყარად დამარწმუნა ზელენსკიმ, რომ მას (F-16-ებს) რუსეთის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე შესაღწევად არ გამოიყენებენ. მაგრამ ნებისმიერ ადგილზე უკრაინაში, სადაც რუსი სამხედროები არიან, გამოყენება შეეძლებათ". – აღნიშნა ბაიდენმა.

ამას გარდა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, უკრაინელი პილოტების F-16-ების მართვაში მომზადებას აპირებს.

"პრეზიდენტ ზელენსკისა და მის ადმინისტრაციას შეხვედრის შემდეგ ვუთხარი, რომ აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად აპირებს მოამზადოს უკრაინელი პილოტები მეოთხე თაობის მოიერიშე თვითმფრინავებზე, მათ შორის F-16-ზე". – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის აზრით, გასული წლის საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინას ამ ტიპის ავიაგამანადგურებლები არ სჭირდებოდა და მათი ქონა ვერ მოახდენდა გავლენას, მაგალითად, ბახმუტის ბედზე.

ახლო მომავალში უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან შესაძლოა ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღოს. შესაბამისი გეგმების შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება. ამაზე მიუთითებს დასავლელი ლიდერების კომენტარებიც. 

აქამდე, კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ მომდევნო თვეში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით მიაწოდონ უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კიევი F-16-ებს უკვე რამდენიმე თვეა რაც ითხოვს.

კომენტარები