რუსეთთან უვიზო მიმოსვლა

Georgian Airways-ის დირექტორი ზურაბიშვილზე: პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ

Georgian Airways-ის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოიკოტს ეხმაურება და ავრცელებს განცხადებას, სადაც ამბობს, რომ კომპანია ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებს მანამ, სანამ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. გაიაშვილის განცხადებას სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს.

"ყველამ იცის, რომ ნებისმიერ ქართველს უფრო მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული, ვიდრე ქალბატონ ზურაბიშვილს. მას საქართველოში, როგორც ადრე იტყოდნენ, არცერთი შრომადღე არა აქვს გამომუშავებული. მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს-ხოლმე თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს.

დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას. ავიარეისები არ განახორციელოთო, მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს. ან რა ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.

ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც “თურქიშ ეარვეისი” მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა. ბევრს აღარ გავაგრძელებ. ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ” - ამბობს გაიაშვილი.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ავიაკომპანია Georgian Airways-ით სარგებლობაზე, რადგან "არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზადაა".

კომენტარები