რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევისთვის $375 მლნ-ის სამხედრო პაკეტზე გამოაცხადებს

Politico ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს.

ახალი პაკეტი, რომლის ღირებულებაც $375 მილიონს შეადგენს, მოიცავს საატილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - დამატებით ყველა იმ აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა ომის დაწყების შემდეგ კიევს გადასცეს.

ცნობები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ჰიროშიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან აღნიშნა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში. 

წვრთნებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს ბელგიამ, დანიამ და ნიდერლანდებმა. უახლოეს მომავალში კოალიციას, სავარაუდოდ, ნორვეგიაც შეუერთდება. 

ბოლო დროს, NATO-ს ქვეყნების საჰაერო თავდაცვა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებიდან F-35-ებზე გადასვლის პროცესშია, რის გამოც, ისინი ძველ F-16-ებს ყიდიან მესამე ქვეყნებზე, როგორიცაა რუმინეთი, რომლებსაც, თავის მხრივ, საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების განახლება სურთ.

ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, უკრაინაში F-16-ების გაგზავნაზე ოფიციალური თანხმობა არ უთქვამს.

"ვინაიდან წვრთნები უახლოეს თვეებში ჩატარდება, მასში მონაწილე ქვეყნების კოალიცია გადაწყვეტს, ვინ და როდის მიაწვდის უკრაინას თვითმფრინავებს". - აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელმაც CNN-თან ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, მხარი დაუჭიროს უკრაინელი მფრინავების წვრთნებს, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს "ავიაგამანადგურებლების საერთაშორისო კოალიციას" ისტორიული უწოდა.

"ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს საჰაერო სივრცეში. იმედი მაქვს, განვიხილავ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დეტალებს ჰიროშიმაში, დიდი შვიდეულის სამიტზე". - წერს ზელენსკი Twitter-ზე. 

კომენტარები