ჩინეთი-ცენტრალური აზია

ცენტრალური აზიის სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტმა რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი
MARK CRISTINO

ჩინეთის ისტორიულ ქალაქ სიანში მიმდინარე ცენტრალური აზიის სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა რეგიონის განვითარების გეგმა წარადგინა

სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ რეგიონის წინსვლის მიზნით, ჩინეთი მზადაა სტრატეგიული გეგმების აღსასრულებლად ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან აქტიურად ითანამშრომლოს. 

"ამ სამიტმა ახალი მუხტი შესძინა ექვსი ქვეყნის განვითარებასა და გაცოცხლებას. ამასთან, დადებითი გავლენა იქონია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებაზე. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ ურთიერთსასარგებლო და მომგებიანი თანამშრომლობის ახალ სტრატეგიას". - აღნიშნა შეხვედრის შემდგომ ჩინეთის პრეზიდენტმა. 

სი ძინფინგის მიერ სამიტზე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება დროში ემთხვევა დიდი შვიდეულის სამიტს, რომელიც იაპონიაში გაიმართება. 

იძულებით დიპლომატიაზე აშშ-ს ბრალდებების საპასუხოდ ჩინეთმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ნდობის გამყარება სურს და მხარს უჭერს მათ სუვერენობასა და დამოუკიდებლობას. 

"ჩინეთი მზადაა ცენტრალური აზიის ქვეყნებს სამართლებრივი ინსტიტუტების გამართვასა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმაროს". - აღნიშნა სი ძინფინგმა.  

რუსეთის მიერ საკუთარი დარჩენილი რესურსების უკრაინაში ომის წარმოებისკენ მიმართვის ფონზე, ჩინეთი საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან ეკონომიკური და პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ცდილობს.

სავარაუდოა, რომ შეხვედრები საბოლოო ჯამში გზას გაუხსნის სამიტის ფარგლებში პეკინთან რეგიონული პაქტის გაფორმებას.


ჩინეთის ისტორიულ ქალაქ სიანში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ცენტრალური აზიის ქვეყნების - ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის პირველი პირები ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან ქვეყნებს შორის "მტკიცე" მეგობრობის პირობის დასადებად პირისპირ შეხვედრებს მართავენ.

ჩინეთის ცენტრალურ აზიასთან და ევროპასთან დამაკავშირებელ ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქალაქი სიანი სამიტის ფარგლებში სპეციალური რუსულ და ჩინურენოვანი ბანერებითა და ბილბორდებით გააფორმეს.

კომენტარები