იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჩხეიძე ბეჟაშვილს: დაიფიცეთ შვილები, რომ ნიშნიანიძის მხარდაჭერა მე გითხარით

ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ბეჟაშვილი მთავარი არხის ეთერში პარლამენტში 17 მაისს გამართულ კენჭისყრაზე საუბრისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნატო ჩხეიძე: მადლობელი ვიქნები თუ კადრს გადაიტანთ ბატონ ბეჟაშვილზე იმიტომ, რომ მინდა მეც დავინახო და საზოგადოებამაც დაინახოს ჩემი შეკითხვის შემდეგ მისი სახე. დაიფიცეთ შვილები, რომ ნიშნიანიძის მხარდაჭერა მე გითხარით.

ლევან ბეჟაშვილი: შვილები დავიფიცო, ეს რაღაც სხვა ფორმატია?

ნატო ჩხეიძე: ეს ის ფორმატია და თქვენი სახეც ახლა უნდა დაინახოს მთელმა საზოგადოებამ ვინც უყურებს. დაიფიცეთ შვილები, რომ ნიშნიანიძის მხარდაჭერა მე გითხარით.

ლევან ბეჟაშვილი: შვილებს ვფიცავარ, თქვენ მითხარით, რომ თქვენ გინდოდათ სხვა კანდიდატების მხარდაჭერაც. მე გკითხეთ, რომელი კანდიდატების მხარდაჭერა? მაგალითად, ნიშნიანიძის მხარდაჭერა იმიტომ, რომ სხვა დეპუტატების მიმართაც გაკეთდა სარეკომენდაციო ზარები და შეხვედრები, რომ იქნებ ამ კანდიდატის მხარდაჭერაც განხილულიყო. მე გითხარით, რომ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.

ნატო ჩხეიძე: ჩვენ ამდენი ვისაუბრეთ ბატონო ლევან რასაც ახლა თქვენ საუბრობთ?

ლევან ბეჟაშვილი: დიახ, სანამ კენჭისყრა ჩატარდებოდა.

ნატო ჩხეიძე: არა, ჩვენ ამდენი არ გვისაუბრია და მე ძალიან ვწუხვარ თქვენი შვილების გამო, რომ თქვენ ახლა ტყუილზე დაიფიცეთ ახლა ისინი.

ლევან ბეჟაშვილი: იმდენი წუხილი მივიღე გუშინდელ დღეს, როდესაც ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან ფარულად ამ კანდიდატების მხარდაჭერა მოხდა და არ ვიცით რა ძალამ გაიძულათ ამ გადაწყვეტილების მიღება და დღეს ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ცდილობთ, რომ შვილების დაფიცების ამ მეთოდით ნამუსზე ამაგდოთ – არ გამოვა ეს. თქვენგან არ მოველოდი პირველ რიგში ამ გადაწყვეტილებას, ამ მხარდაჭერას. მაშინ როდესაც ჩვენი ურთიერთობა გრძელდებოდა ისე, რომ ყველა საკითხზე კომუნიკაცია და შეთანხმება გვქონდეს, ამ საკითხზე თქვენი გადაწყვეტილების მოტივაციას ვერ ვხსნი. შეიძლება მქონდეს უამრავი არგუმენტი, უამრავი ეჭვი, თუმცა, ამ ეჭვის გაჟღერებისგანაც თავს ვიკავებ. თქვენი მოქმდებები გამოხატული არის ამ კენჭისყრის შედეგებში. გვითხარით რა ძალამ გაიძულათ, რომ ამ კანდიდატებისთვის მხარი დაგეჭირათ?

ნატო ჩხეიძე: მე ძალიან ვწუხვარ, აუცილებლად გადავახვევ და მსხვილი კადრით ვნახავ მის სახეს. ახლა მეორე შეკითხვა მაქვს: რა ძალამ აიძულა ლევან ბეჟაშვილი, რომ შვილები დაიფიცა ტყუილზე.

ლევან ბეჟაშვილი: ქალბატონო ნატო, მე გთხოვთ ასევე შვილები დაიფიცოთ. მე თქვენ დაგავალეთ, გითხარით, რომ ნიშნიანიძეს დაუჭირეთ მხარითქო? მე თქვენ დაგავალეთ, რომ ტრისტან ბენაშვილს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს დაუჭირეთ მხარითქო? მეც მინდა დაგაფიცოთ და თქვენი სახე დავინახო. მე გითხარით თქვენ, რომ ნიშნიაძეს დაუჭირეთ მხარითქო?

ნატო ჩხეიძე: არა, არა, ამ საუბერში ეგ არ გითქვამთ.

ლევან ბეჟაშვილი: გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, ტრისტან ბენაშვილს დაუჭირეთ მხარითქო გითხარით?!

ნატო ჩხეიძე: არ გინდათ ახლა აქ ცირკის გამართვა ტყუილად.

ლევან ბეჟაშვილი: რა შუაშია ცირკი? ცირკი არის ის, რომ მეორე დღეა თურმე ენმ-ს ბრალი ყოფილა, რომ თქვენ ხმა მიეცით ოცნების კანდიდატებს.

ნატო ჩხეიძე: თქვენ ახლა ძალიან ცუდი რამე გააკეთეთ და დიდი ზიანი მიაყენეთ თქვენს ოჯახს – თქვენი შვილები დაიფიცეთ ტყუილზე.

ამასთან, ნატო ჩხეიძემ გადაცემის მიმდინარეობის დროს დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი გამიზნული პროვოკაცია იყო ბეჟაშვილის მხრიდან. 

"საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბატონ ბეჟაშვილს სურდა, გასვრილები გავსულიყავით ჩვენ აქედან. ამ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩვენ ბეჟაშვილმა ჩაგვაყენა". - თქვა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძის განმარტებით, 17 მაისს "საუბარი იყო იმაზე, რომ ერთ კანდიდატს შესაძლებელია მიეცეს ხმა და კონსენსუსი დგება საიმისოდ, რომ იქნება 4 კანდიდატი მათი და 1 ჩვენი. ამიტომ ჩემთვის გახდა ამ ფორმულის შედეგად ის, რომ იმისათვის, რომ გავიდეს ერთი ჩვენი კანდიდატი, საჭროა გავიდეს 4 მათი კანდიდატი".


ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის თქმით, 17 მაისს ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგის დროს ახსენეს, რომ საერთო "ჩათში" იუსტიციის საბჭოს წევრობის ოთხ კანდიდატზე შეთანხმდნენ, თუმცა, ჩხეიძის მტკიცებით, ენმ-მ მეხუთე გვარი -  ნიშნიანიძე დაივიწყა. ჩხეიძის თქმით, მას კითხვები ექნება ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ზოგიერთ წევრთან. დეპუტატმა მოუწოდა ჟურნალისტებს, შეკითხვა დაუსვან ლევან ბეჟაშვილს - "როცა ჩათში 5 კანდიდატი იყო ჩაგდებული, რატომ თქვა, რომ 4 იყო". 

17 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

მალევე რუსთავი 2-მა, იმ სავარაუდო ოპოზიციონერი დეპუტატების სია გამოაქვეყნა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი იყვნენ. ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ და როსტომ ჩხეიძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია დატოვესსაგანგებო ბრიფინგზე მაჭუტაძემ თქვა, რომ "ეს იყო მისკომუნიკაციის ბრალი".

ენმ-ს პოლიტსაბჭოს მდივანმა, ლევან ბეჟაშვილმა 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის საერთო "ჩათში" საგანგებოდ დაწერეს ოთხი პირის გვარი, რომლებისთვისაც უნდა მიეცათ ხმა და არცერთი სხვა კანდიდატის მიმართ არ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას ისინი არ ეთანხმებოდნენ და ამის შესახებ მათმა კოლეგებმაც იცოდნენ. 

"7-8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია, რომ ოპოზიციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წარადგინოს და დანიშნოს არამოსამართლე წევრები. 7 თვე ვცდილობდით ამ შეთანხმების მიღწევას და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ არ დავეთანხმეთ ქართული ოცნების წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და არ დავუჭერდით არცერთ კანდიდატს მხარს. საუბარი იყო მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც არასამთავრობო და აკადემიურ წრეებს წარმოადგენდნენ და კენჭისყრამდე საგანგებოდ ოთხი გვარი ჩათში ჩაიწერა. მხოლოდ ამ ოთხი კანდიდატის მიმართ უნდა დაფიქსირებულიყო მხარდაჭერა".- განაცხადა ბეჟაშვილმა. 

დღეს, 18 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს უყარეს კენჭი. მეორე ტურში წარმოდგენილი ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვება. უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დამატებითი კონსულტაციებს გაივლიან და ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მესამე ტური 30 მაისს გაიმართება. 

კომენტარები