რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში სამშვიდობო მისიით აფრიკის ქვეყნების დელეგაციის ვიზიტი იგეგმება – კრემლი

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ცნობით, იგეგმება აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა სპეციალური ვიზიტი მოსკოვში, სადაც ისინი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების პერსპექტივებს განიხილავენ. 

დეტალები აფრიკის ქვეყნების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აფრიკელ ლიდერებთან შესახვედრად მზად არიან. 

"რამდენიმე ქვეყანა ნამდვილად გამოგზავნის დელეგაციას მოსკოვში. ჩვენ აქამდეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მზად ვართ გულდასმით მოვისმინოთ ნებისმიერი შემოთავაზება, რომელიც ვითარების გადაჭრაში დაგვეხმარება". - აღნიშნა პესკოვმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. 


გასულ კვირას აშშ-ის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, რუბერ ბრიგეტმა მთავრობა 2022 წლის ბოლოს რუსეთისთვის სატვირთო გემით იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა

"სხვა მინიშნებებთან ერთად, ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ სატვირთო გემის ჩამოსვლა საიმონის საზღვაო ბაზაზე 2022 წლის 6-დან 8 დეკემბრამდე, რომელიც დაიტვირთა იარაღითა და საბრძოლო მასალით, რის შემდეგაც ის რუსეთისკენ გაემართა.

სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გემი იარაღით დატვირთეს, თავს დავდებ, რომ განცხადება სიმართლეა". - აღნიშნავს ელჩი რუბენ ბრიგეტი.

ეჭვს აღრმავებს სატვირთო გემის - Lady R-ის გაჩერების ადგილიც - ჩვეულებრივ, სატვირთო გემები კეიპტაუნის სამოქალაქო ნავსადგურში ჩერდებიან. ამჯერად კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ის საიმონის საზღვაო ბაზაზე დაყოვნდა. ელჩის თქმით, სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღების საკითხი უკიდურესად სერიოზულია და მისი აზრით, ეს პრობლემა ჯერჯერობით გადაჭრილი არ არის. 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლმა სატვირთო გემი Lady R-ი სანქციების სიაში 2022 წლის მაისში დაამატა. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემების მსგავსად, სანქციები მასაც, იარაღის სავარაუდო გადაზიდვის გამო შეეხო.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ამ ბრალდებების დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და მთავრობა ამ საკითხის დამოუკიდებლად გამოძიებას გეგმავს.

ბრალის წარდგენის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ აშშ-ს ელჩი გამოიძახა.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კლეისონ მონიელამ აღნიშნა, რომ "ელჩის გუშინდელი შენიშვნები დემარში იყო". 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა ონლაინ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღოს. 

აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას 5 ქვეყანა – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა – იღებს.

სამხრეთ აფრიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერასა და უკრაინაში მისი აგრესიის დაგმობაზე უარს აცხადებს. 

სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვები 21 აპრილს დაიწყო, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგვისტოში შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, მისი დაკავება არ მოუწიოს. 

კომენტარები