საქართველო-აშშ

კობახიძე დეგნანზე: სინანულს ველოდებოდი და განსხვავებული რეაქცია იყო – სამწუხაროა

"სინანულს ველოდებოდი, განსხვავებული რეაქცია აღმოჩნდა, სამწუხაროა" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.  

დეგნანმა "მკაცრ სავიზო პოლიტიკაზე" კობახიძის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ვიზის გაცემის წესები გამჭვირვალეა და მათ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  

"მე ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით... თუმცა, ნუ, არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიის მიმართაც ბრალდებაც გაისმა ამის შესახებ.   

ტექნიკური ვერ იქნება მიზეზი, რა თქმა უნდა.  ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ 3 თვეში როცა არის დაგეგმილი გასტროლები, ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება, მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე, სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ვიზები, ეს მარტივი მოცემულობაა, ნებისმიერ საკონსულოში, მათ შორის, ამ კონკრეტულ საკონსულოშიც. მე ველოდებოდი სინანულს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო ამ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა". - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

17 მაისს ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აშშ-ის "მკაცრ სავიზო პოლიტიკაზე" ისაუბრა. კობახიძემ მკაცრი სავიზო რეჟიმის მაგალითად ანსამბლი მართვე მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, აშშ-ში ივლისში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა საელჩომ ვიზის გაცემის ვადები ნოემბრამდე გადაწია, რის გამოც ისინი გასტროლებს ვერ დაესწრნენ. კობახიძის თქმით, ამერიკის ელჩი მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას და უმჯობესია, თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც სავიზო რეჟიმის გამარტივებას უკავშირდება. "ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს". - თქვა ირაკლი კობახიძემ.  

კომენტარები