იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ბოკუჩავა 5 დეპუტატზე: გადავწყვიტეთ, რომ გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებაზე

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, მას შემდეგ რაც ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფარულ კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრს დაუჭირეს მხარი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი "გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით".

"მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არც ერთი დეპუტატი, ვინც დღეს ხმა მისცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის დამტკიცებას, არ არის ენმ-ს წევრი, თუმცა, ამ დრომდე ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი ფრაქციის წევრები. კენჭისყრის შემდეგ ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე საუბარი მრავალი საათის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი გააკეთებდნენ განცხადებას ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით, რადგან ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მათ შეეძლოთ რომ მიეღოთ, მას შემდეგ, რაც მხარი დაუჭირეს სასამართლო სისტემაში კლანის დამტკიცებას. სხვაგვარად, ჩვენ იძულებულები ვიქნებოდით, რომ ცალმხრივად მიგვეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანას გახდეს ევროპის ნაწილი და არ დავუშვებთ იმას, რომ კლანის გაძლიერება გაგრძელდეს მათ შორის იპოზიციური დეპუტატების გამოყენებით". - თქვა ბოკუჩავამ.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ გაარკვიეს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, ნიკა მაჭუტაძემ მას დაუდასტურა, რომ ხმა მისცა.

კომენტარები