იუსტიციის უმაღლესი საბჭო

სააკაშვილი: პარლამენტში თუ გარეთ რეჟიმთან თანამშრომლობა ანტიეროვნული აქტია

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის ხმის მიცემას გამოეხმაურა.

"ნებისმიერი თანამშრომლობა პარლამენტში თუ მის გარეთ უკვე ღიად პროოკუპაციურ რეჟიმთან, არის ანტიეროვნული აქტი". - წერს facebook-ზე მიხეილ სააკაშვილი.

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ გაარკვიეს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ვინაობა, ვინც პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. კურიერის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას წევრები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა და დილარ ხაბულიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, ნიკა მაჭუტაძემ მას დაუდასტურა, რომ ხმა მისცა.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

 

კომენტარები