იუსტიციის საბჭო

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 წევრი აირჩია, მათ ხმა რამდენიმე ოპოზიციონერმაც მისცა

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უყარეს კენჭი. 5 ვაკანტური ადგილიდან სამი უკვე შევსებულია. ფარული კენჭისყრის შედეგად არამოსამართლე წევრებად აირჩნენ: გიორგი გზობავა- 91 ხმით, ზურაბ გურასპაშვილი- 93 ხმით და ტრისტან ბენაშვილი - 93 ხმით. 

საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, ამრიგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად კენჭისყრაზე ხმათა რაოდენობით ირკვევა, რომ წარდგენილ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა პლენარული სხდომა დატოვა, რის შემდეგაც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად 31 კანდიდატის განაცხადი იყო წარდგენილი, მათგან ორმა - ანა აბაშიძემ და გიორგი ბურჯანაძემ მოგვიანებით კანდიდატურები მოხსნეს. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ახლა ყველაფერი ნათელია და ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს ვინ არის ევროპული გზის მომხრე და ვინ არა. 

"წარმოუდგენელი ამბავია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, თავზე დაადგე. ეს არის ნაცური მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ და ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. თავის დროზე, ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. ბუნებრივია, ის შედეგები, რაც უკვე მიღებულია, ევრორეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმული დიდი ნაბიჯია. ვინ აკეთებს საპირისპირო საქმეს, ვინ დადის ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა".- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ სხდომათა დატოვების შემდეგ. 

კომენტარები