ავტოსაგზაო შემთხვევა

გორი-ქარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტაბულა

გორი-ქარელის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საპატრულო პოლიციის გაჩერებულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა. მსუბუქ ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამი მძღოლი მართავდა. ის დაკავებულია.

განახლება მომხდარზე განცხადება გაავრცელა შსს-მ. დაღუპული პოლიციელები 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე არიან. განცხადების მიხედვით, მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, 1993 წელს დაბადებული გ.ლ. დაეჯახა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა.

1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: 1972 წელს დაბადებული ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული ვანო ბასანიძე.

სამართალდამცველებმა გ.ლ დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".

კომენტარები