საქართველო-რუსეთი

რუსი დეპუტატი პროკურორს ოკუპირებული ტერიტორიების ამოღებისთვის Азимут-ის შემოწმებას სთხოვს

ზურაბ მაკიევი

რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატმა, ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს გაუგზავნა განაცხადი მოთხოვნით, რომ შეამოწმონ რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმაში ქვეყნების ჩამონათვლიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ამოღების გამო.

ზურაბ მაკიევი, რომელიც დაბადებულია თბილისში, სახელმწიფო დუმაში მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთსა და ასევე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას წარმოადგენს.

"რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაშალა ქვეყნების სიიდან, რომლებიც მითითებული იყო საიტზე რეგისტრაციის დროს. ავიაკომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სთავაზობს, საკუთარი ნაციონალური პასპორტი მიუთითონ როგორც საქართველოს მოქალაქის ნაციონალურ პასპორტად. გთხოვთ ჩაატაროთ ავიაკომპანია Азимут-ის შემოწმება, რუსეთის კანონდმებლობასთან შესაბამისობის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

სავარაუდოდ, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსულის გადამზიდი ახორციელებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლების საბოტაჟს. მოცემულ სიტუაციას შესაძლოა ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები, რადგან მსგავსი პრეცედენტის შემდეგ, კომერციული მოგების მიზნით, ხვალ შეიძლება რუსეთის შემადგენლობიდან გამორიცხონ ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები". – ნათქვამია მაკიევის მიმართვაში.

მაკიევმა წერილი გაუგზავნა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსს, ალექსანდრ ნერადკოს.

"ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლის შეაჩეროთ ავიაკომპანია Азимут-ის ლიცენზია ფრენებზე". – მიმართა რუსმა დეპუტატმა ნერადკოს.

რუსულმა ავიაკომპანიამ, Азимут-მა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან საქართველოსთან ფრენების დაწყებამდე ამოიღო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული 17 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესრულებას დაიწყებს.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები