აშშ-რუსეთი

რუსეთის მოქალაქეებისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით CIA-მ Telegram-ის არხი შექმნა

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) ტელეგრამის არხი შექმნა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.

CIA-ის მიერ Telegram-ის არხზე გამოქვეყნებული ვიდეო მთავრდება ინსტრუქციით, სადაც ახსნილია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მოქალაქეები CIA-ს ანონიმურად და უსაფრთხოდ.

აღსანიშნია, რომ სოციალური მედია Telegram რუსეთში განსაკუთრებით აქტუალურია. რუსული მედიის ინფორმაციით,  16 მაისს, CIA-ს Telegram-ის არხი თითქმის 700-მა ადამიანმა გამოიწერა.

CIA-ის ოფიციალურმა პირებმა CNN-ს უთხრეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შექმნა ისტორიული შესაძლებლობა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა აშშ-ის დასავლეთისთვის საჭირო ინფორმაცია გაუზიარონ. 

CIA-ის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ისინი ცდილობენ რუსეთში ინფორმაციულად მნიშვნელოვან უწყებებში მომუშავე პირებზე გავიდნენ და აგრძნობინონ, რომ აშშ-ს ესმის რუსეთის მოქალაქეების.

"ჩვენ გვესმის თქვენი, შესაძლოა იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. [...] ჩვენ გვსურდა რუსებისთვის სათქმელი მიგვეტანა მათ ენაზე, ჩვენ ვიცით, რას განიცდიან ისინი“, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც CNN-თან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

CIA მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა რუს ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობისთვის კარგი ნიადაგი შექმნა, ვინაიდან მათი უმრავლესობა კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკით უკმაყოფილოა და ბევრი მათგანი სანქციებითაც დაზარალდა.

კომენტარები