კრიმინალი

საგამოძიებომ ძალადობრივ დანაშაულში 3 სამართალდამცავი ამხილა, მათგან 2 გირაოთი გათავისუფლდა

ტაბულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ძალადობრივ დანაშაულში  3 სამართალდამცავი ამხილეს. განცხადების მიხედვით, 2 მათგანი შსს-ს თანამშრომელია, ერთი კი თავდაცვის სამინისტროს. 

დანაშაულში მხილებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ.გ. რომელმაც, უწყების ცნობით, 2023 წლის 16 მარტს თბილისში კონფლიქტისას მოქალაქეს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა და წააქცია, რის შედეგადაც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაზარალებულმა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

პოლიციელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით ბრალდება წარუდგინა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში ამხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დ.რ.-ც, რომელმაც თბილისში, 2021 წლის დეკემბრისა და მაისს თვეში, ასევე, 2022 წლის აპრილში, ყოფილ მეუღლეს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მას ოჯახში ძალადობისა და მუქარის მუხლებით ბრალი წარედგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ასევე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში ამხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.კ. რომელმაც 2022 წლის მაისში, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში, ასევე, 2023 წლის მარტში მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ მას ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს გირაო 7 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თითოეულ საქმეზე, გამოძიება დაზარალებული მოქალაქეების მომართვის შემდეგ მყისიერად დაიწყო. გამოძიების მიერ მოპოვებულ იქნა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილე სამართალდამცავების მამხილებელი მტკიცებულებები, რაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას დაედო საფუძვლად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 1 წლიანი მუშაობის შედეგად, არასათანადო მოპყრობისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 36 სამართალდამცავის მიმართ არის დაწყებული". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები