რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა პრიგოჟინის შეთავაზების ცნობაზე: სხვადასხვა საშუალებებს ვიყენებთ

ადნრიი იუსოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, ანდრიი იუსოვი გამოეხმაურა The Washington Post-ის ცნობას, რომელიც გაჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობოდა და იუწყებოდა, რომ რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინას ბახმუტიდან ძალების გაყვანის ნაცვლად რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციების გადაცემა შესთავაზა.

იუსოვის თქმით, გაჟონილ დოკუმენტებზე, ე.წ. დისკორდის ფაილებზე უკრაინა კომენტარს არ უნდა აკეთებდეს.

"ვფიქრობ, უკრაინამ და სპეცსამსახურებმა ასეთი რაღაცები უნდა განიხილონ და აუცილებლად განიხილავენ მაშინ, როცა საჭირო იქნება და უკრაინის ეროვნულ ინტერესებს უპასუხებს. გასაგებია, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას, ეფექტიანად მიაღწიოს ტერიტორიის დეოკუპაციას. თუ საუბარია სპეცსამსახურებზე, დაზვერვაზე, ისინი იყენებენ სხვადასხვა საშუალებებსა და ინსტრუმენტებს. რაც შეეხება კონკრეტულ "გაჟონვებს", მათთან დაკავშირებით აშშ-ს იუსტიციის სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს, არ მგონია რომ ამაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ". – თქვა იუსოვმა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა WP-ს ცნობასთან დაკავშირებით თქვა, რომ კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ, თუმცა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით ეს ინფორმაცია სიცრუეა.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მისი დისკრედიტაციის კამპანია ლოგიკურია.

"ეს აბსოლუტურად ჩვენ რუბლიოვსკის წესებია. ვინ დგას ამის უკან? ვფიქრობ ან რომელიმე ჟურნალისტს უნდოდა აჟიოტაჟის შექმნა, ან ამხანაგებმა რუბლიოვკიდან, რომლებიც ადრე ნავთობს ISIS-ზე ყიდდნენ, გადაწყვიტეს, რომ ლამაზ საინფორმაციო გაჟონვას მოაწყობდნენ". – თქვა პრიგოჟინმა.

რუბლიოვკა მოსკოვში გავლენიანი და მდიდარი ხალხით დასახლებული ერთ-ერთი უბნის არაოფიციალური სახელია.

პრიგოჟინმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი აზრით, ამ ცნობის უკან რუსეთის მოქალაქეები დგანან, ისინი, ვინც "წლების განმავლობაში იპარავდნენ ფულს, რომელიც ქვეყნის თავდაცვასა და დიდებას სჭირდებოდა".

WP: პრიგოჟინი უკრაინას რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ინფორმაციას სთავაზობდა

კომენტარები