რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: პრიგოჟინი უკრაინას რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ინფორმაციას სთავაზობდა

ევგენი პრიგოჟინი

The Washington Post-წერს, რომ პენტაგონიდან გაჟონილი ე.წ. დისკორდის ფაილების მიხედვით, 2023 წლის იანვარში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინელ სამხედრო მეთაურებს შესთავაზა, რომ ბახმუტის ზონიდან ჯარები გაეყვანათ, სანაცვლოდ ის კიევს გადასცემდა ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე, რასაც უკრაინა მათზე თავდასასხმელად გამოიყენებდა.

როგორც WP წერს, პრიგოჟინი ეკონტაქტებოდა უკრაინის სამხედრო დაზვერვას და მათთან საუბარი ომის განმავლობაში შენარჩუნებული ჰქონდა.

WP ხაზს უსვამს, რომ პრიგოჟინი ბოლო პერიოდში აქტიურად დაუპირისპირდა რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს, თუმცა ამასთანავე ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა და ამ უკანასკნელმა შეიძლება რუსი ოლიგარქის ვაჭრობა რუსი სამხედროების სიცოცხლით, ღალატად ჩათვალოს.

დოკუმენტებში ხაზგასმული არაა რუსი სამხედროების რომელ პოზიციებზე იყო საუბარი.

WP წერს, რომ ორმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა მათთან დაადასტურა, რომ პრიგოჟინსა და უკრაინის დაზვერვას შორის საუბარი რამდენჯერმე შედგა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, პრიგოჟინმა ნახსენები შეთავაზება რამდენჯერმე წამოჭრა, მაგრამ კიევმა უარი თქვა, რადგან მას არ ენდობოდნენ და მოტყუების საფრთხე არსებობდა.

WP-სთან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინის მიზნებთან დაკავშირებით ეჭვი ვაშინგტონშიც არსებობდა. 

აქამდე The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს აფრიკაში პრიგოჟინისა და უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ. ჟურნალისტის თქმით, ე.წ. დისკორდის ფაილებში ნათქვამი იყო, რომ ГУР-სა და ევგენი პრიგოჟინს შორის არსებობდა კონტაქტი, რის შესახებ თავად პრეზიდენტმაც იცოდა.

კითხვას ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი პასუხი მოჰყვა.

"ეს დაზვერვის საქმეა. გინდათ სახელმწიფო ღალატის ბრალი წამიყენონ?". – თქვა ზელენსკიმ და ეჭვი შეიტანა WP-ს ჟურნალისტის შეკითხვისა და გავრცელებული ცნობის მიზნებში.

WP-ს სტატიის ამ მონაკვეთს ირონიულად გამოეხმაურა ევგენი პრიგოჟინი და თქვა, რომ ის და უკრაინის დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი "კვლავ აფრიკაში არიან".

ინტერვიუს ნახსენები მონაკვეთი WP-მ ჯერ ამოშალა, შემდეგ კვლავ დააბრუნა. ეს ახსნეს იმით, რომ აპირებდნენ ცალკე გამოექვეყნებინათ ცნობა პრიგოჟინის შეთავაზების შესახებ და ინტერვიუს მთლიანი ტექსტი არასწორად გაასაჯაროეს.

WP წერს, რომ კიდევ სხვა გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ფიქრობდნენ, რა უნდა ყოფილიყო მათი პასუხი პრიგოჟინის კრიტიკაზე. საუბარი იყო ძალაუფლებისთვის დაპირისპირებაზე პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის მაღალჩინოსნებს, მათ შრის სერგეი შოიგუს შორის.

გამოცემა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ყველაფრის ფონზე პრიგოჟინს უკრაინის დაზვერვასთან ჰქონდა საიდუმლო კავშირი, არამხოლოდ სატელეფონო ზარები, არამედ პირისპირ შეხვედრები დაზვერვის ოფიცრებთან აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში. ფაილების მიხედვით, პრიგოჟინი უკრაინელებსიგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე უფრო ძლიერ დარტყმებს მოითხოვდა.

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, პრიგოჟინმა უკრაინის დაზვერვას უთხრა, რომ რუსეთის ჯარებს საბრძოლო მასალის ნაკლებობა ჰქონდა. მან უკრაინის ძალებს ყირიმის მიმართულებით შეტევის წამოწყება ურჩია, სანამ რუსი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება დაცემული იყო. ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ ვაგნერის ძალებში ბახმუტში მიცემულ დავალებებს დანაკარგების შიშის გამო არ ასრულებდნენ.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა: "გყავდეს მეგობრები ახლოს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს".

დოკუმენტების მიხედვით, კიევში ეჭვობენ, რომ კრემლში, სულ მცირე, პრიგოჟინისა და უკრაინის დაზვერვის კომუნიკაციების შესახებ იცოდნენ.

WP წერს, რომ ერთი ფაილის მიხედვით, უკრაინის დაზვერვის მეთაური, კირილო ბუდანოვი ფიქრობდა, რომ რუსეთი ამ დეტალებს გამოიყენებდა, რათა პრიგოჟინი უკრაინის აგენტად გამოეცხადებინათ.

კომენტარები