სერბეთი

ამნისტიის გამოცხადების შემდეგ სერბეთის პოლიციას მოქალაქეებმა 13 500 ერთეული იარაღი ჩააბარეს

OLIVER BUNIC (AFP)

სერბეთში 8 მაისს იარაღთან დაკავშირებული ამნისტიის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებმა პოლიციას უკვე 13 500 ერთეული იარაღი ჩააბარეს. მათ შორისაა პისტოლეტები, ყუმბარები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები საშუალებებიც.

სერბეთის ხელისუფლებამ დაურეგისტრირებელ იარაღთან დაკავშირებით ერთთვიანი ამნისტია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ორ მასობრივ სროლას 17 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეეწირა.

სერბეთის პოპულისტმა პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, ბელგრადის სკოლასა და ორ სოფელში მომხდარი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მასობრივი სროლების გამო საზოგადოებიდან წამოსული ზეწოლის ფონზე, პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად ბელგრადის სამხრეთით მდებარე ქალაქ სმედერევოში ამნისტიის ფარგლებში ჩაბარებული და საჩვენებლად გამოფენილი იარაღი მოინახულა.

ვუჩიჩის თქმით, შეგროვებული იარაღის დაახლოებით ნახევარია დაურეგისტრირებელი, ხოლო მეორე ნახევარი იარაღის კანონიერად მფლობელებმა საკუთარი ნებით დათმეს და პოლიციას ჩააბარეს. მან ასევე დასძინა, რომ შეგროვებული იარაღი სერბეთის იარაღისა და საბრძოლო მასალების ქარხნებში გადავა და მათ სამომავლოდ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ.

ამნისტიის ერთთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, 8 ივნისიდან, ყველას ვისაც დაურეგისტრირებელ იარაღს აღმოუჩენენ 15 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

სერბეთის ხელისუფლებამ იარაღთან დაკავშირებით მკაცრი ზომების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 3 მაისს მეშვიდეკლასელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა და 9 ადამიანი მოკლა, ხოლო ერთი დღის შემდეგ 20 წლის კაცმა ორ სოფელში განურჩეველი სროლით 8 ადამიანი იმსხვერპლა.

სერბეთი ერთ სულ მოსახლეზე რეგისტრირებული იარაღის რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთი პირველია, ხოლო ქვეყანაში არარეგისტრირებული იარაღის რაოდენობა კიდევ უფრო ბევრია.

სერბეთში იარაღის დიდი რაოდენობა 1990 წლების ომიდანაა შემორჩენილი. ამის მიუხედავად, ამ ქვეყანაში და ზოგადად ბალკანეთის რეგიონში მასობრივი სროლები ძალიან იშვიათია.

ბოლო წლებში სკოლაში არცერთი მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. ბოლო მასობრივი სროლისას, 2013 წელს ბალკანეთის ომის ვეტერანმა ერთ-ერთ სოფელში 13 ადამიანი მოკლა.

კომენტარები