პოლონური მედია RFM 24 საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ბიდგოშჩთან, ზამოშჩიის დასახლების მიმდებარედ ტყეში ნაპოვნი რაკეტა რუსული Х-55. პოლონური მედია წერს, რომ ეს საჰაერო ძალებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის წინასწარი დასკვნაა. რაკეტის ნარჩენების ამბავი ცნობილი გასული თვის ბოლოს გახდა, როცა ადგილობრივებმა ისინი შემთხვევით აღმოაჩინეს.
RFM-ის ინფორმაციით, საჰაერო ძალებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ Х-55-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა დიდი ალბათობით აღმოსავლეთ საზღვრიდან შემოვიდა, რადგან პოლონეთის არმიას მსგავსი იარაღი არ გააჩნია.
როგორც პოლონური მედია წერს, თუ დადასტურდება, რომ რაკეტა Х-55 იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რუსული თვითმფრინავიდან გაუშვეს და შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთის საზღვრიდან შევიდა.
გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი იერიშები მიიტანა. ამისთვის მათ ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ბომბდამშენებიც გამოიყენეს.
NATO-ს საზღვრებთან Су-34-ის ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენების გამოჩენის გამო, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანმსა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა. ამ ოპერაციების დროს პოლონური სამსახურების რადარებზე გამოჩნდა ობიექტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან შეფრინდა. პოლონური ორგანოები მას თვალს ადევნებდნენ, თუმცა შემდეგ ბიდგოშჩთან გაუჩინარდა. შემდეგში სწორედ ბიდგოშჩის მახლობლად იპოვეს რაკეტის ნარჩენები.
RFM-ს წყაროები ეუბნებიან, რომ დეკემბრის ინციდენტის შემდეგ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.
ამას გარდა, RFM-ის მტკიცებით, დაადგინეს, რომ სამხედროებმა პროკურატურას, რომელსაც საქმე უნდა გამოეძია, არ შეატყობინეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. მედია როგორც წერს, პოლონეთის არმიას ინციდენტის ან დაიგნორება ან დამალვა სურდა. RFM-ის ინფორმაციით, გამოძიება მხოლოდ აპრილში დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 15 ნოემბერს პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში ჩამოვარდა რაკეტა, რომელიც თავდაპირველად რუსული ეგონათ. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. AP News-ის ინფორმაციით, რაკეტა რუსეთს ეკუთვნოდა. ამ ცნობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან პოლონეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა. შემდეგში გაირკვა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა ეკუთვნოდა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, რომელიც შემომავალი საბრძოლო მასალის მოგერიებას ცდილობდა და მიმართულება დაკარგა. ამის მიუხედავად, დასავლურმა ქვეყნებმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს, რადგან საჰაერო თავდაცვის სისტემის გააქტიურება მათმა მასშტაბურმა სარაკეტო თავდასხმებმა გამოიწვია. ამას გარდა, AP News-მა გაათავისუფლა საკუთარი რეპორტიორი, რომელმაც თავდაპირველი ცნობა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.





