რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავესთან ერთად მონაწილეობა ამორალური ნაბიჯია

უკრაინა 9 მაისს მოსკოვში გამართულ ღონისძიებაში სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს. შესაბამის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინელების მკვლელობა, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების ნგრევა, უკრაინელი ბავშვების გატაცება და უკრაინის ტერიტორიებზე მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიები გაამართლა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სახელმწიფების ლიდერებთა მონაწილეობა საჯარო ღონისძიებაში სამხედრო დამნაშავის გვერდით, რომელმაც აღლუმის წინა ღამეს 25 ფრთოსანი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით, ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ზიზღის გამოვლინებაა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და თავისუფლებისთვის". წერია განცხადებაში.


მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებული აღლუმი გაიმართა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთში ჩავიდნენ. აღლუმს პუტინთან ერთად სომხეთის პრემიერმინისტრი, ასევე ბელარუსის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთი პრეზიდენტები დაესწრნენ.

კომენტარები