რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 9 მაისის პარადზე.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ "კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული". ამის შესახებ მან ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ პარადზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გაჩაღებულია ნამდვილი ომი. მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასსაც, უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებასაც". – თქვა პუტინმა. 

სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილებს გამარჯვების დღე მიულოცა. 

პუტინის სიტყვით გამოსვლა დიდწილად ანტიდასავლური ნარატივის მატარებელი იყო.

პუტინის მტკიცებით, რუსეთს სურს, რომ მომავალი მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური იყოს. მისი თქმით, ნებისმიერი უპირატესობის იდეოლოგია "ამაზრზენი და მიუღებელია". ის დასავლეთს კვლავ "რუსოფობიასა და აგრესიული ნაციონალიზმის დათესვაში" ადანაშაულებს. 

ამას გარდა, პუტინი დასავლეთს ბრალს სდებს კონფლიქტებისა და გადატრიალებების პროვოცირებასა და "ღირებულებების განადგურებაში", რათა "საკუთარი წესების კარნახი განაგრძონ".

"მათი მიზანი აქაც ახალი არაფერია, სურთ მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლასა და განადგურებას, შეცვალონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაამსხვრიონ გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის სისტემა, მოგუდონ ნებისმიერი განვითარების სუვერენული ცენტრი". – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის პროპაგანდა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოიყენა.

პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაზე კვლავ აღნიშნა, რომ თითქოს ეს ქვეყანა "სახელმწიფო გადატრიალების მძევალი გახდა" და ის "სავაჭრო მონეტაა". 

"გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და თავგასულობა აუცილებლად იქცევა ტრაგედიად. სწორედ ესაა კატასტროფის მიზეზი, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების მძევალი და მის ბაზაზე დანაშაულებრივი რეჟიმის დასავლელი მბრძანებლების სავაჭრო მონეტა, რომელიც მათი დაუნდობელი ანგარებიანი გეგმების განხორციელებაში სჭირდებათ". – თქვა პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს. 

პუტინის თქმით, რუსეთი ამაყობს უკრაინაში მებრძოლი ყველა სამხედროთი.

"ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე თქვენი საბრძოლო სამუშაო". – თქვა პუტინმა. 

პუტინის მტკიცებით, უკრაინის ომში მყოფ სამხედროებზეა დამოკიდებული რუსეთის მომავალი სახელმწიფოებრიობა და უსაფრთხოება.

"მთელი ქვეყანა გაერთიანდა, ჩვენს გმირებს მხარი რომ დაუჭიროს. ყველა მზადაა დახმარებისთვის. ლოცულობენ თქვენთვის". – თქვა პუტინმა.  

კომენტარები