ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, 9 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. European Pravda-ს ცნობით, მის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ისაუბრა.

"[ევროკომისიის] პრეზიდენტი ხვალ იქნება კიევში, სადაც შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას. ეს ვიზიტი გაიმართება ევროპის დღეს და ამ კონტექსტში, ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღე აღინიშნოს". – თქვა მამერმა.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადას შესთავაზა, რომ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნონ, ხოლო 9 მაისს იზეიმონ არა გამარჯვების, არამედ ევროპის დღე. 

"8 მაისს უკრაინა და თავისუფალი მსოფლიო იხსენებს კაცობრიობის ისტორიის 6 საშინელ წელს. 1939-დან 1945 წლამდე... წლები, რომლებმაც წაიღო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და დაუნდობლობის, სისხლისმღვრელი ბრძოლების, დაბომბვების, ბლოკადებისა და მასობრივი სიკვდილით დასჯების, ჰოლოკოსტის წლები. ყველა ბოროტება, რაც ნაციზმმა მსოფლიოს მოუტანა, მოიტანა ჩვენს მიწაზეც.

სხვადასხვა ერებმა ერთობლივად, ანტიჰიტლერული კოალიციის კავშირის ფარგლებში წინააღმდეგობა გაუწიეს ბოროტებას. ევროპისა და ამერიკის ხალხი, აზია, ავსტრალია, აფრიკა - იმ ომში ყველას საკუთარი ბრძოლის ისტორია აქვს, მაგრამ აერთიანებთ გამარჯვების ისტორია". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში გამარჯვებას ქვეყნების უმრავლესობა სწორედ 8 მაისს აღნიშნავს, რომ სწორედ 1945 წლის 8 მაისს შევიდა ძალაში ვერემახტის უპირობო კაპიტულაცია და ამ დღეს იხსენიებენ ომში დაღუპულებს.

"დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას, რომ ხვალიდან, ყოველ წელს, 9 მაისს აღვნიშნოთ ჩვენი ისტორიული ერთობა - ყველა ევროპელის ერთობა, რომლებმაც ნაციზმი გაანადგურეს და რაშიზმსაც დაამარცხებენ". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები