რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსები ბახმუტის აღების ნაცვლად, უკრაინის კონტრშეტევისთვის ემზადებიან – ISW

Sefa Karacan/Anadolu Agency via Getty Images

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთმა, როგორც ჩანს, პრიორიტეტები შეცვალა და ბახმუტის აღების მცდელობის ნაცვლად მოსალოდნელი უკრაინული კონტრშეტევისგან თავდაცვისთვის მომზადებას აპირებს.  ISW ამის შესახებ ინფორმაციას კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით ავრცელებს, სადაც პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები ქალაქ ბახმუტს 10 მაისისთვის დატოვებენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, კრემინას ტერიტორიასა და დონეცკის მახლობლად ძალზე შეზღუდული და ლოკალიზებული თავდასხმების გარდა, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები მთელს ტერიტორიაზე ძირითადად შეწყვიტეს, რაც, სავარაუდოდ, თავდაცვაზე გადასვლას ნიშნავს. ISW წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის საბრძოლო მასალისა და მარაგების შენახვა ოპერატიულად სწორი გადაწყვეტილება იქნება, რათა უკრაინის კონტრშეტევისთვის მოემზადოს, და პრიგოჟინის სასოწარკვეთილი განცხადებები, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სწორედ ამას აკეთებს.


"ოფიციალურად ვატყობინებ თავდაცვის მინისტრს, უმაღლეს მთავარსარდალს, საბრძოლო მასალის გარეშე ბახმუტში დანაკარგების მიღება უსარგებლო და გაუმართლებელია. ჩემი ბიჭები აღარ იქნებიან. ამიტომ, 2023 წლის 10 მაისიდან ბახმუტის დასახლებული პუნქტიდან გავდივართ". – ამბობს პრიგოჟინი მიმართვაში.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. 

ამასთან, ვიდეოში პრიგოჟინი ლანძღავს რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და მის მოადგილეს, რუსეთის გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს, რომელიც უკრაინაში საოკუპაციო ძალებს მეთაურობს.

"აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ... ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან... ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?". – ამბობს პრიგოჟინი ვიდეოში.

პრიგოჟინი ასევე მიმართავს მაღალჩინოსნებს, რომ "მოხალისეები" მათ გამო იხოცებიან. 


CIA-ის ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი უკრაინელების კონტრშეტევა მაისში იგეგმება.

"[უკრაინული არმია] დროთა განმავლობაში აღიჭურვება დასავლური ტანკებით, დასავლური ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, დასავლური ჯავშანტექნიკით, და 2023 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, იქნება უკრაინელების მასშტაბური კონტრშეტევა. დიდი ალბათობით სამხრეთში. ეს, ალბათ, დაახლოებით მელიტოპოლის ზონა უნდა იყოს და ისინი [უკრაინელები] შეეცდებიან კომუნიკაციების სახმელეთო ხაზის გაწყვეტას, რომელიც რუსეთს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ყირიმთან აკავშირებს." - ამბობს პეტრეუსი.

კომენტარები