26 მაისი

კულტურის სამინისტრო 26 მაისის კონცერტის მოსაწყობად ბაკურ ბაკურაძის კომპანიას ₾499 456-ს უხდის

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებებისთვის 891 191 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

გამარტივებული შესყიდვით სამინისტრო სამ მომსახურებას ყიდულობს:

  • ქ. თბილისში, გალაკონცერტის უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
  • ქ. თბილისის კონცერტის სატელევიზიო ეთერით უზრუნველყოფისთვის საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
  • ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე სპორტული სივრცის მოსაწყობად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები.

დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილი კონცერტის დასადგმელად სამინისტრო შპს არტ ლაბორატორიასთვის 499 456 ლარის გადახდას აპირებს. შპს არტ ლაბორატორიის დირექტორი კი ბაკურ ბაკურაძეა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე - 2021 წლის 27 ოქტომბერს გამართული ქართული ოცნების აქციისა და კონცერტის რეჟისორი იყო.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ტენდერის ნაცვლად გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების მიზეზს შემდეგნაირად ხსნის:

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას საჯარო უწყებების ჩართულობის/კოორდინაციის მხრივ და პასუხისმგებლობების მიზნობრივად გადანაწილებას. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება (N765, 21.04.23) მიღებულ იქნა 24 აპრილს. აღნიშნული ღონისძიების მოსამზადებლად საჭიროა გარკვეული პერიოდი, შესაბამისად, აუცილებელია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარება".

კომენტარები