რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი კრემლზე სავარაუდო თავდასხმაზე: ასეთი გადაწყვეტილებები ვაშინგტონში მიიღება

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, კრემლზე თავდასხმის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას.

"ამის უარყოფის მცდელობები კიევისა და ვაშინგტონის მიერ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები ასეთ ქმედებებსა და ასეთ ტერაქტებზე არა კიევში, არამედ სწორედ ვაშინგტონში მიიღება. ხოლო კიევი უკვე ასრულებს იმას, რის გაკეთებასაც ეტყვიან". – თქვა პესკოვმა. 

პესკოვის მტკიცებით, კიევს სამიზნეებს ხშირად აშშ აძლევს, უკრაინა კი დავალებას ასრულებს. მისივე მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ კრემლზე თავდასხმაში აშშ მონაწილეობდა, მაგრამ მათ გასაჯაროებას ჯერ არ აპირებენ.

პესკოვის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საფუძვლიანი გამოძიება უნდა ჩატარდეს.

3 მაისს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ ორი დრონით სცადა რუსეთის პრეზიდენტის კრემლში მდებარე რეზიდენციაზე თავდასხმა, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატები უვნებელყვეს. გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც დრონი კრემლის თავზე ფეთქდება. 

კრემლის შეფასებით, ეს იყო ტერორისტული აქტი და პუტინის მკვლელობის მცდელობა, 9 მაისის ღონისძიებებამდე. განცხადების მიხედვით, "რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, სადაც და როცა საჭიროდ ჩაითვლება".

უკრაინა თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

კომენტარები