კორონავირუსის პანდემია

WHO-ს ექსპერტები COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე იმსჯელებენ

REUTERS/Gonzalo Fuentes

იმის დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების მიხედვით კიდევ არის თუ არა COVID-19 საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნების საფუძველი, ჯანდაცვის ექსპერტთა გლობალური პანელი გაიმართება.

კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა (PHEIC) WHO-მ 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა და მას შემდეგ ყოველ სამ თვეში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ პანელი მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას კვლავ ამ სტატუსით აფასებდა.

თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, თავის მიერ დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმება დაიწყო, რამაც ჯანდაცვის ექსპერტებს საკითხის უფრო ფართო განხილვისკენ უბიძგა.

ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პანელი.

ნიდერლანდელი ვირუსოლოგის, პროფესორ მარიონ კუპმანის თქმით, შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხე კვლავ რეალურია და მნიშვნელოვანია მთავრობებმა ტესტირების, ვაქცინაციისა და მკურნალობის პროგრამები გააგრძელონ.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ COVID-ის საფრთხესთან ერთად ცხოვრება უნდა გააგრძელოს ისე, როგორც ეს HIV-ისა და ტუბერკულოზის შემთხვევებში მოხდა.

 

კომენტარები