NDI-ის კვლევა

NDI: რეკორდულად დაბალი რაოდენობა, 24% ამბობს, რომ მის ინტერესებს ერთი პარტია მაინც გამოხატავს

ინტერპრესნიუსი

ეროვნულ-დემოკრატიული (NDI) ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს.  

მოსახლეობის 64% ამბობს, რომ მის ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს. 9%-მა არ იცის, 2% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.  

NDI-ის ცნობით, ქართული ოცნების მხარდამჭერთა 14%  და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს. ახალგაზრდები (18 -34 წლის მოსახლეობა) განსაკუთრებული სკეპტიკურობით გამოირჩევიან. გასულ წელთან შედარებით, ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს.

2022 წლის დეკემბერში მოქალაქეების 61% ამბობდა, რომ არ არსებობდა პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავდა, ივლისში ამავე პასუხს 56% სცემდა.  

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 17-23 მარტს მიმდინარეობდა და 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 

კომენტარები