NDI-ის კვლევა

NDI: 51% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებას არ ითვალისწინებენ

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ. 

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ მათნაირი ადამიანების შეხედულებებს: 

  • 51% მოსაზრებას არ ეთანხმება 
  • 38% ეთანხმება 
  • 10%-მა არ იცის 
  • 1%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე 

აღნიშნული მოსაზრება ყველა დემოგრაფიულ ჯგუფზე ვრცელდება. გამონაკლისი ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების ინტერესებს ემსახურებიან. 

ასევე, უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს. მოსაზრებას, რომ პარლამენტი ეფექტურად უწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას, 39% არ ეთანხმება, 38% კი ეთანხმება. 49% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ ამტკიცებს კანონებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ (37% ფიქრობს, რომ ამტკიცებს). 56% ამბობს, რომ პარლამენტი რეგულარულად არ ეკონტაქტება მოქალაქეებს (30%-ის აზრით, ეკონტაქტება). 

კვლევა 2023 წლის მარტში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 17-23 მარტს მიმდინარეობდა და 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. 

კომენტარები