არტ-ხელოვნება

ინსტალაცია, რომელიც სეულის მუზეუმში კედელზე მიკრულ ბანანს წარმოადგენდა, სტუდენტმა შეჭამა

სამხრეთ კორეაში სტუდენტმა შეჭამა ბანანი, რომელიც იტალიელი არტისტის, მაურიციო კატელანის ექსპოზიციის ნაწილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ექსპოზიცია, რომელიც სეულის ერთ-ერთ მუზეუმშია მოთავსებული, კედელზე წებოვანი ლენტით მიკრულ ბანანს წარმოადგენს.

სტუდენტის თქმით, ბანანი, რომელიც ინსტალაციის, სახელწოდებით "კომიკოსი", ნაწილი იყო, შეჭამა, რადგან საუზმის გამოტოვების გამო მოშივდა. 

მას შემდეგ, რაც სტუდენტმა, ნო ჰიუნ-სუმ ბანანი შეჭამა, მან ქერქი კედელზე უკან მიაკრა. მოგვიანებით მუზეუმის თანამშრომლებმა ბანანის ქერქი ახალი ექსპონატით ჩაანაცვლეს.

მოგვიანებით ნო ჰიუნ-სუმ მედიას განუმარტა, რომ მაურიციო კატელანის ნამუშევარი აღიქვა, როგორც გარკვეული ძალაუფლების წინააღმდეგ ამბოხება.

"ხელოვნების ნიმუშის დაზიანებაც შეიძლება აღვიქვათ როგორც ხელოვნების ნიმუში. ვიფიქრე, რომ ეს საინტერესო იქნებოდა. იქნებ ბანანი კედელზე მიაწებეს, რათა ვინმეს შეეჭამა?" - აღნიშნა მან. 

ინსტალაციის ავტორმა თქვა, რომ აღნიშნული ინციდენტი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს იმის გათვალისწინებით, რომ მის კარიერაში ეს პირველად არ მომხდარა.

2019 წელს არტისტმა, დევიდ დათუნამ კედელზე გაკრული ბანანი მას შემდეგ შეჭამა, რაც $120 000-ად შეფასებული საიზოლაციო ლენტით კედელზე მიკრული ბანანი Art Basel Miami Beach- ში გაიყიდა.

კომენტარები