რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთში მასწავლებელს უკრაინის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ასამართლებენ

ჩეხეთში მასწავლებელს ასამართლებენ, რომელიც გაკვეთილზე უკრაინის შესახებ რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებდა. 

ჩეხური გაზეთი PRAVO-ს ინფორმაციით, სასამართლოსთვის წარდგენილი დასკვნის თანახმად, მარტინა ბედრანოვა თავის 13-14 წლის მოსწავლეებს არწმუნებდა, რომ უკრაინელი სამხედროები ნეონაცისტები არიან, რუსულენოვან უკრაინის მოქალაქეებს ატყავებენ და ცოცხლად წვავენ, მათ შორის, ბავშვებს. 

გარდა ამისა, ბედნაროვი ამბობდა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევში "ომი არ ყოფილა". ამ სიტყვების დასამტკიცებლად მან თავის მოსწავლეებს უთხრა, რომ კიევის სამეთვალყურეო კამერების კადრები ნახა, სადაც ჩანს, რომ ქალაქში ბრძოლა არ მიმდინარეობს.

როდესაც ზოგიერთმა მოსწავლემ მასწავლებლის ნათქვამი გააპროტესტა და თქვა, რომ ჩეხეთის ტელევიზია ომის კადრებს აჩვენებს, ბედრანოვამ მათ ურჩია, რომ ინფორმაცია სხვა წყაროებიდან მიეღოთ. მან ასევე თქვა, რომ ჩეხური ტელევიზია ჯორჯ სოროსს ეკუთვნის. 

ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლის საუბარი ფარულად ჩაწერა და მშობლებს მოასმენინა. ბედრანოვა წესების უხეში დარღვევისთვის სკოლიდან გაათავისუფლეს. მასწავლებელმა სამსახურიდან გათავისუფლების სასამართლოში გასაჩივრება სცადა, მაგრამ დამარცხდა.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბერდნაროვას 1.5-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები