ქართული ოცნება

"ბილეთები ნაყიდი იყო" – მიქანაძე ხსნის, რატომ არ დაესწრნენ PACE-ს რეზოლუციის კენჭისყრას

გივი მიქანაძე

ქართული ოცნების დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის კენჭისყრას იმიტომ არ დაესწრო, რომ ვიზიტი უკვე დასრულებული იყო და გამოსამგზავრებელი ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ. PACE-ს რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდთან გათანაბრებას ეხებოდა.

"ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები ნაყიდი იყო, იმიტომ, რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. გამომდინარე აქედან, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს. შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინწინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ, ესე ვთქვათ, ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, ეს არის სრული სპეკულაცია". – თქვა მიქანაძემ, რომელმაც აჟიოტაჟს "რადიკალური ოპოზიციის მიერ აწეული" თემა უწოდა.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა წევრმა, ბექა დავითულიანმა კი ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ არ იცის, რა მიზეზით არ დაესწრო დელეგაცია კენჭისყრას და ივარაუდა, რომ შესაძლოა, რეზოლუციაში ეწერა ისეთი რამ, რასაც მხარს არ დაუჭერდნენ.

"შეიძლება, რეზოლუციაში ეწერა სხვა ისეთი რამ, რასაც მხარს არ დაუჭერდნენ... მაგალითად, ერთ-ერთ ძველ რეზოლუციაში ეწერა, რომ ერთის მხრივ დაუჭირეთ უკრაინას მხარი, მეორეს მხრივ გაუშვით სააკაშვილი... ჩვენმა დელეგაციამ თქვა, რომ ეს ამოიღეთ, იმას დავუჭერთ". – თქვა დავითულიანმა და დაამატა, რომ მას კოლეგებთან, რომლებიც სტრასბურგში იყვნენ, არ უსაუბრია და არ იცის - რა იყო მიზეზი.

საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ ქართული ოცნების წევრები – ირაკლი ჩიქოვანი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და ხალხის ძალის წევრი – ეკა სეფაშვილი.

ოპოზიციის შეფასებით, ქართული ოცნება რუსეთს უგზავნის ნიშანს, რომ საქართველო მოსკოვის წინააღმდეგ არ იმოქმდებს.

გასულ დღეს PACE-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

კომენტარები