ქართული ოცნება

ზურაბიშვილი: ივანიშვილი მკურნალობას მამადლის, მაგის მათხოვარი არავინაა

www.facebook.com/david.zurabishvili

"ერთადერთი რეალური "ბრალდება" ჩემზე არის, რომ ივანიშვილმა ფული გადაიხადა ჩემს მკურნალობაში, როდესაც არ ვიყავი კარგად, საკმაოდ მძიმე დაავადება მქონდა" - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას აყვედრის.

"აქ არის ორი ვარიანტი, ეს ადამიანს ან გესმის ან არ გესმის. როდესაც ადამიანი გეხმარება იმით, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა და ამას თვითონ გთავაზობს, მადლობელი ხარ ამ დახმარების, იმიტომ, რომ მას ეს შეეძლო, არამარტო ჩემთვის, ბევრი სხვისთვისაც, მაგრამ მერე თუ ეს დახმარება არის იმიტომ, რომ შენ გიყიდოს და შენ მერე წაგერთვას იმის უფლება, რომ თუ მერე ის პოლიტიკურად სხვა გზას დაადგა, ჩემი აზრით ქვეყნის საწინააღმდეგოს, შენ ის არ გააკრიტიკო და დაეთანხმო, ან ჩუმად იჯდე კუთხეში, უკაცრავად და ეს დახმარება აღარ არის.

მე რომ მცოდნოდა, რომ ასეთ რაღაც სულმდაბლობას იკადრებდა, რომ ამის წამოყვედრებას იკადრებდა თავისი ტროლების, ბოტების და ვიღაც დაქირავებული მონების მეშვეობით, რა თქმა უნდა, მე არავითარ შემთხვევაში არ გამოვართმევდი არაფერს" - თქვა ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ ეცდება, "ვალი გაისტუმროს".

"ამათ რომ ენა ჩავუგდო ერთხელ და სამუდამოდ, რაც შემეძლება, შევეცდები, ეს ვალი, რომელიც არ არის პატარა, ვალად ვიკისრო და გავუსტუმრო. სიმბოლურად გადავუხდი რაღაც თანხას ქართუ ბანკს, ყოველთვიურად ჩავურიცხავ, იმიტომ, რომ მაგის მათხოვარი არავინ არის... მისი დაქირავებული ხალხი არა რა, თვითონ [ბიძინა ივანიშვილი] მამადლის, პირდაპირ ვიტყვი. ერთი სიტყვაც საკმარისია მისგან და ეს დაქირავებული ხალხი ენას ჩაიგდებს, ეს არის მის მიერ გაკეთებული.

თუ მას ჰგონია, რომ რაკი ვინმეს დაეხმარა, ის მთელი ცხოვრება მისი მონა უნდა ყოფილიყო, ეს ასე არ იქნება. " - ამბობს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მას პიროვნულად არასდროს "გაულანძღავს" ბიძინა ივანიშვილი, "მის ადამიანურ თვისებებს, ოჯახს და პირად ცხოვრებას" პიროვნულად არასდროს შეხებია, თუმცა, "პოლიტიკაში უკაცრავად რა, არავის არ აქვს ეს ვალდებულება".


რამდენიმე დღის წინ დავით ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში ენერგორესურსების განხორციელების პროექტს, როგორც პუტინზე გაიცა დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლოდან, იგივე მოხდეს ქართული ოცნების დამფუძნებლის მიმართაც.

დავით ზურაბიშვილს "უცხოელი აგენტი" და "მონა" ჯერ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უწოდეს.  ხალხის ძალად წოდებული გაერთიანების განცხადებით, "დავით ზურაბიშვილს რომ ელემენტარული ღირსება ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუქარის გახმოვანებას მაინც არ იკადრებდა", რადგან "მან თავის დროზე სიცოცხლე გადაურჩინა. შემდეგ კი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ზურაბიშვილი ნამდვილად გლობალური ომის პარტიის აგენტია".

დავით ზურაბიშვილის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრალდებას რეაგირების გარეშე არ დატოვებს და მას სასამართლოში უჩივლებს. ის სარჩელის შეტანას მაქსიმუმ მომდევნო კვირაში აპირებს. 

კომენტარები