რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი კლოუნია, რუსეთი კი ტერორისტი –​​​​​​​ ჩეხეთის საგარეო

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტის შესახებ რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის კომენტარების საპასუხოდ რუს დიპლომატს კლოუნი უწოდა და თქვა, რომ ტერორისტული რუსეთის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.

"კლოუნი ლავროვის განცხადებები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პაველის შესახებ უბრალოდ სასაცილოა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს" - დაწერა ლიპავსკიმ Twitter-ზე.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის მტკიცება, რომ ჩინეთი უკრაინაში მშვიდობით დაინტერესებული არ არის, არ შეესაბამება “ნორმალური პოლიტიკური წარმომადგენლის” საქმიანობას.


ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩინეთის როლზე ისაუბრა. პაველის თქმით, ჩინეთი, როგორც შუამავალი სანდო არაა, რადგან პეკინს თავისი ინტერესები აქვს და ომის გახანგრძლივება აწყობს

"მჯერა, რომ სტატუს-კვოს გაგრძელება ჩინეთის ინტერესებში შედის, ვინაიდან ამან შესაძლოა რუსეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგოს... არ ვფიქრობ, ჩინეთს ომის მოკლე ვადიან პერსპექტივაში დასრულება რეალურად სურდეს". - ამბობს ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტი. 

ჩინეთში გამართული ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ სი ძინფინგთან გამოთქვა იმედი, რომ ის უკრაინაში ომის დასრულებაში წვლილს შეიტანს

"ვიცი, შემიძლია მქონდეს თქვენი იმედი, რომ რუსეთი გონზე მოიყვანოთ და ყველა დააბრუნოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან". – თქვა მაკრონმა სი ძინფინგთან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები